პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თვითმკვლელობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მძიმე ცოდვაა, რომლის დროსაც ადამიანს როგორც სხეულისთვის, ასევე, სულისთვის საშინელი განაჩენი გამოაქვს.
სამწუხაროდ, მორწმუნე საზოგადოებაში ცრუ სწავლებამ და ტრადიციამ მოიკიდა ფეხი. ერთ-ერთი მათგანი არის 19 სექტემბერს დადგენილი გარკვეული სწავლება, რომ თითქოს, მთავარანგელოზი მიქაელი ჩადის ჯოჯოხეთში და იქიდან ამოჰყავს იმ ადამიანების სულები, რომლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.
ეს დღე ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქცა ნუგეშის დღედ და მის დადგომას თვითმკვლელი ადამიანების ჭირისუფლები სასოებით ელოდებიან. ზოგიერთი სასულიერო პირიც ამას ქადაგებს.
დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი განმარტავს, რა არის სიცრუე და რა სიმართლე.
„ღმერთმა არავის მოუშალოს რწმენა და სასოება, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, ყველას ვაუწყოთ ჭეშმარიტი სწავლება, რათა ისინი არ დარჩნენ მოტყუებულები ეშმაკის მიერ შემოტანილი ამა თუ იმ ცრუ სწავლებით. უნდა გვახსოვდეს და გვწამდეს, რომ მაცხოვნებელი არის უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, წმიდა სამების მეორე ჰიპოსტასი, რომელიც განკაცდა იმისთვის, რომ გამოეხსნა დაცემული კაცობრიობა. იესო ქრისტეს გარეშე ცხოვრება არ არსებობს. ადამიანი, რომელიც მონათლული იყო წმიდა სამების სახელზე, თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევდა, მაგრამ, ამა თუ იმ განსაცდელის, გაჭირვების გამო, ჩავარდა სასოწარკვეთილებაში და მოისწრაფა სიცოცხლე, ეკლესიური სწავლებით მიდის პირდაპირ ჯოჯოხეთში.
ამ შემთხვევაში, თუ თქვენ ჩათვლით, რომ ამ ადამიანების გამოხსნა, ამოყვანა, გეენიიდან დახსნა შეუძლია მთავარანგელოზ მიქაელს, მაშინ სწავლება ცხონების შესახებ თავდაყირა დგება, საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოვდივართ. თუ რომელიმე მთავარანგელოზს, ანგელოზს, წმიდანს შეუძლია ადამიანის ცხონება, მაშინ მაცხოვრის ღვაწლი და მისი შრომა კაცთა გამოხსნისთვის ამაო და აბსურდული რჩება.
ეკლესია მიცვალებულთათვის ლოცულობს სამ მდგომარეობაში: პირველი, როცა ისინი უკვე წმიდანად არიან შერაცხილნი, სასუფეველში მყოფობენ და ჩვენ მათ აქეთ ვევედრებით და ვითხოვთ მათგან მეოხებას; მეორე შემთხვევის დროს, თუ ჩვენი მიცვალებულები იყვნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები, გარკვეული რწმენა, მაცხოვნებელი სარწმუნოება გააჩნდათ, სასოებდნენ ღმერთს, მაგრამ, გარკვეული მიზეზის გამო, ვერ დადიოდნენ ეკლესიაში, ან არ იყო ამის საშუალება, არ ჰყავდათ მოძღვარი, მათ შესახებ ჩვენ ვევედრებით ღმერთს, რომ შეუნდოს ცოდვები და სასუფეველში დაამკვიდროს; მესამე შემთხვევაში კი ჩვენ ვდუმვართ მათ შესახებ, ანუ წმიდა სახარებაში პირდაპირ წერია, რომ ჩვენ მათთვის არ ვლოცულობთ, რადგან მათ გარკვეული მდგომარეობის გამო ჩაიდინეს მძიმე ცოდვა, სულიწმიდის გმობა, ის მოუნათლავი, მწვალებელი, ეკლესიის დამანგრეველი იყო, საკუთარ თავს სიცოცხლე მოუსწრაფა. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვლოცულობთ, მაგრამ, დიდი სასოება გაგვაჩნია, რომ ღმერთი ამ ადამიანების მდგომარეობას გაითვალისწინებს სიკვდილის წინ. რა თქმა უნდა, მე არ შემომაქვს ახალი სწავლება, რომ დავარღვიო საეკლესიო სწავლება, ვინმეს ცრუ ნუგეში მივცე, მაგრამ, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანსა და მოძღვარს, მჯერა, რომ უფალი გაითვალისწინებს მათ მდგომარეობას. მან იცის, ვის რა საზღაურს მიაგებს", - ამბოსბ დეკანოზი.
სასულიერო პირის თქმით, მცდარია მოსაზრება, რომ, როდესაც ადამიანი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, მისი ოჯახის წევრმა, ახლობელმა უნდა იტვირთოს მონაზვნის ღვაწლი და მთელი ცხოვრება მისი სულისთვის ილოცოს.
„ეს არ არის სწორი, რადგან, როგორც აღვნიშნე, ცხონება მხოლოდ უფალს შეუძლია. ყველა ანგელოზი, წმიდანთა დასი რომ დადგეს ადამიანის საცხონებლად, უფლის გარეშე ვერავინ აცხონებს. ეს არის საკითხი, რომელიც უფალს უნდა მივანდოთ. მაგრამ, თუ ჩვენ თავს იმით ვინუგეშებთ, რომ მთელი ცხოვრება მისთვის ვილოცებთ და ცხონდება, ეს არასწორი იქნება, თუმცა, ბოლომდე არც გვიკრძალავს ეკლესია ლოცვას. თუ ჩვენ არ შეგვიძლია ლიტურღიაზე, მსახურებაზე მოვიხსენიოთ ისინი, უფლება გვეძლევა, პირად ლოცვებში მაინც მოვიხსენიოთ და ეს პირადი ნუგეშია უფლის მიერ მოვლინებული. შეიძლება არაეკლესიურია, მაგრამ არსებობს ასეთი ტრადიცია, თვითმკვლელის ჭირისუფლებს ეძლევათ უფლება, გარდაცვლილის სახელზე გასცენ მოწყალება. ამიტომ, სანამ ისინი ამ მდგომარეობამდე მივლენ, ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ, უნდა ვილოცოთ მათთვის და, ახლა, როდესაც ისინი აღარ არიან, დავიწყეთ მათი სულებისთვის ლოცვა და უფალმა დაგვანახვა, რა გულგრილი და გულცივი ადამიანები ვიყავით, ეს გარკვეული ცოდვაა უფლის წინაშე. იმ ადამიანის ოჯახის წევრები, რომელმაც თავი მოიკლა, აგებენ ამის გამო პასუხს, განისჯებიან და უფალი პასუხს მათ მოსთხოვს. ეს არის ჩემი პირადი აზრი და, ვფიქრობ, რომ დამეთანხმებით.“ - ამბობს დეკანოზი.