შეგვაძლებინოს უფალმა, რომ სული არ ჩავაქროთ, რაშიც შეგვეწიოს წმინდა ძლევაშემოსილი, საკვირველმოქმედი გიორგი, რომელმაც დღეს ჩვენ შეგვკრიბა - მეუფე შიო

shio

გავიდა დიდი მარხვა და დადგა აღდგომის ბრწყინვალე დღეები, აღდგომის შემდგომი პერიოდი და შეგვაძლებინოს უფალმა, სული არ ჩავაქროთ, რაშიც შეგვეწიოს ჩვენ წმინდა ძლევაშემოსილი, საკვირველმოქმედი, დიდი მოწამე გიორგი, რომელმაც დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, გიორგობას განაცხადა.

ქაშვეთში საღმრთო ლიტურგია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ჩაატარა. ქადაგებისას მიტროპოლიტმა რწმენის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და მრევლს მოუწოდა, დიდმარხვის დასრულების შემდეგ, ისევ არ მიუბრუნდნენ იმ ცოდვებს, რომელიც უკვე მოინანიეს.

„როდესაც ვკითხულობთ ძველი თუ ახალი აღთქმის წიგნებში, რომ წმინდანებმა იხილეს ღმერთი, მათ ჰქონდათ ღმერთის გამოცხადება, ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს მათ ღმერთის არსება იხილეს, არამედ ეს ადგილები ისე უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთმა აღირსა ამა თუ იმ წმინდანს ხილვა და გამოცხადება და მისი რწმენის მიხედვით გამოუცხადა ცოდნა ღმერთზე იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იყო ამა თუ იმ წმინდანისთვის. ამიტომ, ჩვენ ვცხოვრობთ რწმენით, რომლითაც შესაძლებელია უხილავი ღმერთის დანახვა. ეს რწმენა ჩვენ მოგვცა განკაცებულმა ძე ღმერთმა, რომელმაც იხილა ღმერთი და რომელიც თვითონ ღმერთია. სწორედ მასზე ამბობს მამაზეციერი, რომ ,,ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“ (მთ. 3, 17).

და აი, რაც დაფარული იყო მამაში, ეს გამოავლინა ძემ, გამოავლინა განცხადების სისავსე, ნება ღვთისა და ჩვენი გადარჩენის გზა. სწორედ ეს არის აღდგომის მადლი, ბრწყინვალება და ჭეშმარიტება.

დიდი მარხვის პერიოდში დედაეკლესია მოგვიწოდებდა სინანულისკენ. მრავალმა შეისმინა ეს მოწოდება, მოვიდა აღსარებაზე და განიწმინდა, მაგრამ ახლა ჩვენი საზრუნავი უნდა იყოს, ისევ არ მივუბრუნდეთ იმ ცოდვებს, რომლებზეც უარი ვთქვით, რომ ისევ არ დარჩეს ჩვენი სული მზრუნველობისა და სულიერი საზრდოს გარეშე. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: ,,სულს ნუ ჩააქრობთ!“.

ამგვარად, გავიდა დიდი მარხვა და დადგა აღდგომის ბრწყინვალე დღეები, აღდგომის შემდგომი პერიოდი და შეგვაძლებინოს უფალმა, სული არ ჩავაქროთ, რაშიც შეგვეწიოს ჩვენ წმინდა ძლევაშემოსილი, საკვირველმოქმედი, დიდი მოწამე გიორგი, რომელმაც დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა“, - განაცხადა მეუფე შიომ.