პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"საყდრისის კომიტეტი" საგანგებო განცხადებას ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ სასტუმრო ”Alaverdi Resort“-ის მშენებლობის შესახებ ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული სასტუმროს მშენებლობის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან არ შეთანხმებული არ არის და ალავერდის ტაძარი ვიზუალური აღქმის დამახინჯების საფრთხის წინაშე დგას.
"საყდრისის კომიტეტი" ყველა პასუხისმგებელ ორგანოს მიმართავს და მოუწოდებს, რომ ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ 4 თებერვალს გაჟღერებულ ინფორმაციას კომპანია “ბადაგონის” მიერ ალავერდის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ პრემიუმ კლასის სასტუმრო ”Alaverdi Resort“-ის მშენებლობის თაობაზე.
“საყდრისის კომიტეტი” ყოველთვის მიესალმება რეგიონის განვითარებისთვის განხორციელებულ ინვესტიციებს, თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის საზიანოდ ეს არ უნდა ხდებოდეს.
XI საუკუნის ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ალავერდის ტაძრის, ერთ-ერთ მთავარ ღირსებას ვრცელ მინდორზე მისი ერთადერთობა წარმოადგენს, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის გარემოს. ამ შემთხვევაში ნებისმიერი დიდი ნაგებობის მშენებლობა მისგან 200 მეტრში (ყველა მიმართულებით) ამ გარემოს სრულად დაარღვევს და გაჩნდება ძეგლის ვიზუალური აღქმის დამახინჯების საფრთხე.
საზოგადოებას და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოში არსებობს "კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ", რომლის თანახმადაც, ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში აკრძალულია იმგვარი მოქმედებები, რომლებიც დააზიანებს მის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს, ხელს შეუშლის ძეგლის ოპტიმალურ ხედვას, მის სრულფასოვან აღქმას ან შეამცირებს მის მნიშვნელობას (მუხლი 36, პუნქტი 3-6).
ამავე კანონის 41-ე მუხლში ვკითხულობთ: "კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო კულტურის სამინისტროსთან (ამ შემთხვევაში დელეგირების საფუძველზე ეს ორგანოა - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო - ავტ.) შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.” (მუხლი 41, პუნქტი 2).
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული სასტუმროს მშენებლობის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან არ არის შეთანხმებული. ამიტომ გაუგებარია, რის საფუძველზე გასცა მშენებლობის ნებართვა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა. ვინაიდან, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში შექმნილი რთული სიტუაციის გამო ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, მიუხედავად ჩვენი მიმართვისა - საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სასტუმრო „Alaverdi Resort“-ის მშენებლობასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია გაასაჯაროოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე, პროფესიულ წრეებში დაუყოვნებლივ დაიწყოს პროექტის განხილვა, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს დაკარგვის შესაძლო საფრთხეები.
ამასთანავე, მივმართავთ საზოგადოებას, მათ შორის საპატრიარქოს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ საკითხის მიმართ, რათა ეს პრეცედენტი სამომავლოდ არ გახდეს ბიძგი უფრო მასშტაბური საზიანო პროცესისა, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში არასასურველი მშენებლობების დაწყებაში გამოიხატება." - ნათქვამია განცხადებაში.