სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორი „ვალეს" ტერიტორიაზე „საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნა - 2025" ჩატარდა

სასაზღვრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორი „ვალეს" ტერიტორიაზე „საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნა - 2025" ჩატარდა.

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ერთობლივი წვრთნის მიზანი ორი ქვეყნის სასაზღვრო ქვედანაყოფებს შორის სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში კოორდინირებული მოქმედებების გაუმჯობესებაა. სწავლების ფარგლებში, მესაზღვრეებმა სასაზღვრო ინციდენტებზე რეაგირებისა და პრევენციული ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობები დახვეწეს.

წვრთნის სცენარი 2 ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა: არალეგალური მიგრანტების დაკავება და სახელმწიფო საზღვარზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უკანონოდ გადაყვანის აღკვეთა.ასევე, აღნიშნული წვრთნა ითვალისწინებდა სპორტულ ღონისძიებებსაც.

სწავლების შემაჯამებელი ღონისძიებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიორგი გურეშიძემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„მინდა აღვნიშნო, რომ ,,საქართველო - თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივ წვრთნა“ -ს დიდი და ღირსეული ისტორია აქვს. თანამშრომლობა ჩვენს უწყებებს შორის, 1996 წლიდან, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო წვრთნის, ტექნიკისა და მეცნიერების სფეროში გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე დაიწყო. დღეს, მე - 13 ტარდება აღნიშნული წვრთნა, რაც ცალსახად ადასტურებს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებების წარმატებულ თანამშრომლობას. თანამედროვე გლობალურ ეპოქაში სასაზღვრო უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მსგავსი წვრთნა და სწავლება აძლიერებს ორგანიზებულ დანაშაულთან, არალეგალური მიგრაციის, ნარკოტიკების, იარაღის, ქიმიური ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მასალების უკანონო გადაადგილების, ტერორიზმისა და სახელმწიფო საზღვარზე არსებული სხვა დანაშაულების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას", - განაცხადა გიორგი გურეშიძემ.

სიტყვის დასასრულს მან მადლობა გადაუხადა სწავლებაში მონაწილე ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლებს, ოფიცრებს, ქართველ და თურქ მესაზღვრეებს.

თურქეთის რესპუბლიკის ბრიგადის გენერალმა დადებითად შეაფასა აღნიშნული ღონისძიება და მადლობა გადაუხადა წვრთნაში მონაწილეებს.

ღონისძიების დასასრულს, წვრთნაში მონაწილე მესაზღვრეებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.ერთობლივი წვრთნა თურქეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის 2025 წლის გეგმის ფარგლებში ჩატარდა. მსგავსი ტიპის სწავლება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის რეგულარულად, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.