1743366857
საქსტატი - 2024 წელს საქართველოში შობადობა, თითქმის ორი პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 39 483 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 20 755 ბიჭი და 18 728 გოგოა.
აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 1.8 პროცენტით.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში – 14 415 ბავშვი, ხოლო ყველაზე მცირე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 237 ბავშვი.
ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2024 წელს – 2023 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი შემცირდა 37.7 პროცენტიდან 35.9 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 33.7, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი გაიზარდა 27.5 პროცენტიდან 29.0 პროცენტამდე.
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2024 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 24.6 პროცენტიდან 23.2 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 69.5 პროცენტი. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 6.0 პროცენტიდან 7.3 პროცენტამდე გაიზარდა.
დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 2024 წელს 27 წლით განისაზღვრა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს – 2023 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2.8 პროცენტით გაიზარდა და 43 971 ერთეული შეადგინა.
გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში – 12 492 ადამიანი, ხოლო ყველაზე ნაკლები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 533.
საქსტატის ცნობით, საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება, რაც ნიშნავს სხვაობას ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის და 4 488 ერთეულით განისაზღვრა.
ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.