საქპატენტის ორგანიზებით სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორები პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის კანდიდატებისათვის უფასო სასწავლო კურსს ჩაატარებენ

საქპატენტი

2026 წლის პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრირებულ პირებს საქპატენტი შესაძლებლობას აძლევს უფასოდ გაიარონ მოსამზადებელი კურსი, რომელიც ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მხარდაჭერით ხორციელდება. კურსს სტრასბურგის უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების კვლევის საერთაშორისო ცენტრის (CEIPI) პროფესორები გაუძღვებიან.

მოსამზადებელი პროგრამა სპეციალურად შემუშავდა საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის და მოიცავს გამოცდის თემატიკის შესაბამის ყველა საკითხს. კურსი შეთავაზებული იქნება როგორც საერთო, ისე სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციისთვის. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს კანდიდატების სათანადო მომზადებას და საქართველოში პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის გაძლიერებას.

55-საათიანი პროგრამა მოიცავს ონლაინ სასწავლო კომპონენტს და სამდღიანი ინტენსიური ტრენინგის პირისპირ ფორმატში ჩატარებას. სწავლება წარიმართება ინგლისურ ენაზე სინქრონული თარგმანის უზრუნველყოფით.

ონლაინ სესიებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს. პირისპირ ტრენინგზე მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინებით, შერჩევა შესაძლოა განხორციელდეს დამატებითი სამოტივაციო წერილის საფუძველზე.

მოსამზადებელი კურსის სრული პროგრამის არანაკლებ 80%-იანი დასწრების შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

2025 წელს, პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის რეფორმის ფარგლებში, პირველად ჩატარდა პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა, რამაც მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა განახლებული პროფესიული სტანდარტების დანერგვისა და პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის შემდგომი განვითარებისათვის.

2026 წლის საკვალიფიკაციო გამოცდა, კანონმდებლობის შესაბამისად, საერთო და სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციებში ორ ეტაპად ჩატარდება:

I ეტაპი – ტესტირება 2026 წლის 21 ნოემბერს;

II ეტაპი – წერითი გამოცდა 2026 წლის 5 დეკემბერს.

პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ 15 ოქტომბრის ჩათვლით.

გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, თითოეული სპეციალიზაციის სასწავლო პროგრამა და განრიგი რეგისტრირებულ მონაწილეებს ინდივიდუალურად გაეგზავნებათ.

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციისა და სავალდებულო მოთხოვნების შესახებ იხილეთ:

https://www.sakpatenti.gov.ge/ka/news_and_events/760/ 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საქპატენტის ცხელ ხაზზე: +995 32 2 25 25 33