პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს ღია წერილით მიმართავს. წერილში ნათქვამია, რომ საშტატო ოპტიმიზაციის საფუძვლით სკოლამდელ დაწესებულებებში თანამშრომელთა რიცხოვნების შემცირება და მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ეწინააღმდეგება "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
„ღია წერილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს
ბატონო გიორგი, გავეცანით, თქვენ მიერ, მიმდინარე წლის 26 აგვისტოს დამტკიცებული ბრძანების (N126.126.22381) საფუძველზე, ა(ა)იპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორის ბრძანებას (N61) "შიდა სტრუქტურული და საშტატო ოპტიმიზაციის განხორციელების შესახებ".
მიგვაჩნია, რომ საშტატო ოპტიმიზაციის საფუძვლით სკოლამდელი დაწესებულებებში თანამშრომელთა რიცხოვნების შემცირება და მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ეწინააღმდეგება "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს. ყოველგვარ ლოგიკასა და სამართლიანობას არის მოკლებული თქვენი არგუმენტები და საკითხი მოითხოვს დეტალურ შესწავლას, რომლის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნების დაცვა.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისთვის კატეგორიულად მიუღებელია თქვენი მოსაზრება, შტატების შემცირების ხარჯზე, ბავშვთა კვების და სხვა პირობების გაუმჯობესების შესახებ. თქვენი განმარტებით, წალენჯიხის საბავშვო ბაგა-ბაღებში დაბალკალორიული საკვებია და აღსაზრდელებს არ გააჩნიათ სათამაშოები და წიგნები.
სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებს კარგ კვებასთან და საგანმანათლებლო რესურსებთან ერთად სჭირდებათ მომსახურე პერსონალი, რომელთა რაოდენობა განსაზღვრულია "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" საქართველოს კანონით, ბავშვთა რაოდენობათა თანაბარდობის პრინციპით. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ისევე როგორც უმრავლეს მუნიციპალიტეტში კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები არ სრულდება და დასაქმებულთა შემცირების ნაცვლად აუცილებელია კადრების დამატება, მართებულად განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობებით.
ოპტიმიზაცია არ ნიშნავს მხოლოდ შემცირებას. ბავშვთა საკეთილდღეოდ ოპტიმიზაცია-ოპტიმალური ვარიანტის შემუშავება, ითვალისწინებს დამატებით საჭირო კადრების მოზიდვას, მაგალითად, საბავშვო ბაგა-ბაღებში ცვლიანობის სისტემის დასანერგად და სხვა.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი კატეგორიულად არ ვეთანხმებით თქვენს გადაწყვეტილებას და მოგიწოდებთ შეაჩეროთ პროცესი. ასევე, შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10-ე მუხლის, მე-3 პუნქტის, "თ" ქვეპუნქტის თანახმად, პედაგოგთა პროფკავშირთან გაიაროთ კონსულტაციები, შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების სრულყოფის და საჭირო, დამატებითი კადრების შერჩევის მიზნით.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი
სპმთპ-ის წალენჯიხის რაიონული ორგანიზაცია“, - წერია ღია წერილში.