"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ინდონეზიის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრმა, ჯაჰიო კუმოლომ ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ელექტრონული მმართველობის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. საქართველო საკუთარ გამოცდილებას ინდონეზიის რესპუბლიკას გაუზიარებს სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებითაც.
მემორანდუმის გაფორმებამდე ორი ქვეყნის მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. რატი ბრეგაძემ და ჯაჰიო კუმოლომ განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროექტები და ინიციატივები სახელმწიფო სერვისების ეფექტიანად მიწოდების, პენიტენციური და პრობაციის სისტემების გაძლიერების კუთხით. ქართულმა მხარემ კოლეგებს გააცნო ინოვაციური პროექტები: მობილური იუსტიციის სახლი; PROBBOX; ციფრული უნივერსიტეტი და სხვ.
ინდონეზიის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს ესტუმრება და ადგილზე გაეცნობა საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას სერვისების მიწოდების სფეროში.