საქართველოს განათლების მინისტრი და საქპატენტის თავმჯდომარე WIPO-ს აკადემიის დირექტორს შეხვდნენ

საქპატენტი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დირექტორს ჰონგბინგ ჩენს შეხვდნენ. შეხვედრა ქუთაისში საქპატენტის სასწავლო ცენტრის გახსნის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით ცოდნის გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის განვითარებისთვის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით ცოდნის გაძლიერება - ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ყველა საფეხურზე. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განათლების სამინისტროს, საქპატენტისა და WIPO-ს აკადემიის მჭიდრო თანამშრომლობას.

ყურადღება გამახვილდა მასწავლებელთა გადამზადებისა და ინტელექტუალური საკუთრების საკითხების შესახებ სასკოლო განათლებაში ეტაპობრივი ინტეგრირების შესაძლებლობებზე. აღინიშნა WIPO-ს აკადემიის IP for Youth & Teachers პროგრამის მნიშვნელობა, რომლის ფარგლებში შესაძლებელია  სასწავლო რესურსების შემუშავება, მასწავლებელთა გადამზადების მიზნით საპილოტე გაკვეთილებისა და სკოლებში პროგრამის ინტეგრირების მხარდაჭერა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს უმაღლესი განათლების მიმართულებით მიღწეულ პროგრესზეც. WIPO-ს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და საქპატენტის ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის დანერგვის პარალელურად, საქპატენტისა და KIU-ს ინიციატივით, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, 2025 წლის თებერვალში ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მაგისტრატურის საფეხურს დაემატა სწავლების ახალი სფერო - „ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტი“.

აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ  ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განვითარდეს აკადემიური ცოდნა, მომზადდეს კვალიფიციური კადრები და გაძლიერდეს ინოვაციური ეკოსისტემა.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის განვითარების მხარდაჭერის შესაძლებლობა. საქპატენტი, WIPO-თან თანამშრომლობით, მზად არის ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებისთვის შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტების, რეკომენდაციებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას. აღნიშნული თანამშრომლობა დაეხმარება კვლევის შედეგების დაცვას, ტექნოლოგიების ტრანსფერსა და ინოვაციების კომერციალიზაციას.

✕