გაიცანით, მათემატიკის მასწავლებელი, რომელმაც 76 წლის ასაკში ტიკ-ტოკერობა გადაწყვიტა
1765459899
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული პრემიის კომისია აცხადებს კონკურსს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად. 9 წევრით დაკომპლექტებული კომისიის პირველი სხდომა დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ჯგუფს სამართლის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია ხელმძღვანელობს.
კომისიის შემადგენლობაში არიან: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, სსიპ -საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ჯაბა სამუშია; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი დავით გურგენიძე; ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი-მდივანი ვლადიმერ პაპავა; ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, სსიპ - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გივი ჯაფარიძე; ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე; მედიცინის დოქტორი, პროფესორი, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი; ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მზია ქუთათელაძე; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ნანა მაჭავარიანი.
საქართველოს ეროვნული პრემია პირს ენიჭება საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.
პრემია გაიცემა ყოველწლიურად, არა უმეტეს ორისა, თითოეული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. პირს, რომელიც მოიპოვებს პრემიას, გადაეცემა პრემიის ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი პრემია.
ეროვნული პრემია, როგორც წესი, ენიჭება საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პრემია შეიძლება მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს; პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ შესაბამისი ავტორიტეტისა და კომპეტენციის მქონე იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც საქმიანობენ მეცნიერების შესაბამის დარგში; პრემიის მოსაპოვებლად შესაძლებელია ავტორთა ჯგუფის/თანაავტორთა წარდგენა; პრემია შეიძლება მიენიჭოს გარდაცვლილ ავტორს იმ შემთხვევაში, თუ მისი ნაშრომი გამოქვეყნდა საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულებამდე და აკმაყოფილებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ პირობებს; პრემიის მოსაპოვებლად წარდგენა დასაშვებია მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებისა და/ან მისი პრაქტიკული გამოყენების შემდეგ; დაუშვებელია ერთი და იმავე ნაშრომის განმეორებით წარდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაშრომი საკონკურსოდ არ იქნა დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გამო.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2025 წლის 12 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი: 0108, ასევე ელექტრონულად: info@president.gov.ge.
ინფორმაციის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://president.ge/ka/news/213