1764264730
საქართველოს ბანკმა მწვანე შენობების გლობალური სერტიფიკატი - EDGE მიიღო
საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვას აგრძელებს.
ბანკის სათავო ოფისმა, რომელიც ქართული არქიტექტურის უნიკალური ძეგლია, მწვანე შენობის EDGE (Excellence in Design for Greater Efficiencies)-ის პრესტიჟული საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვა. პროექტი ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის - გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდის (GCPF) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
GCPF-ი ლუქსემბურგში დაფუძნებული შერეული ფინანსური რესურსების მქონე ფონდია, რომელსაც მართავს შვეიცარიული საინვესტიციო კომპანია responsAbility Investments AG - რომელიც წარმოადგენს ინოვაციურ საჯარო-კერძო პარტნიორობას და მისი მიზანია განვითარებად ბაზრებზე კლიმატის ცვლილების შერბილება ენერგიის მოხმარებისა და სათბურის აირების ემისიების შემცირების პროექტების დაფინანსებით.
EDGE (Excellence in Design for Greater Efficiencies) წარმოადგენს მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ შემუშავებულ ინოვაციურ სისტემას. ის არის გლობალურად აღიარებული სტანდარტი მწვანე შენობებისთვის და მისი სერტიფიკატი ადასტურებს, რომ შენობა აკმაყოფილებს რესურსების დაზოგვის მაღალ კრიტერიუმებს ენერგიის, წყლისა და სამშენებლო მასალების ეფექტურობის კუთხით.
“ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, ამ ისტორიული და არქიტექტურულად კომპლექსური შენობის მოდერნიზება ისე, რომ შეგვენარჩუნებინა მისი ავთენტურობა და, ამავდროულად, დაგვენერგა უახლესი ენერგოეფექტური ტექნოლოგიები. EDGE სერტიფიცირების პროცესმა მოგვცა ჩარჩო, რომლის მიხედვითაც განვახორციელეთ სისტემების განახლება და რესურსების მოხმარების ოპტიმიზაცია. შედეგად, ჩვენ არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შევამცირეთ შენობის საოპერაციო დანახარჯები და გარემოზე ზემოქმედება, არამედ შევქმენით თანამედროვე და კომფორტული სამუშაო გარემო ჩვენი თანამშრომლებისთვის. ვამაყობ ჩვენი გუნდის მიერ გაწეული სამუშაოთი, რომელმაც ეს რთული, მაგრამ საინტერესო პროექტი წარმატებით განახორციელა“, – განაცხადა საქართველოს ბანკის ინფრასტრუქტურული ოპერაციების დირექტორმა, ზურაბ ალფაიძემ.
„საქართველოში ენერგიის საბოლოო მოხმარების დაახლოებით 40 % შენობებზე მოდის, ისინი არიან ენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებლები. შესაბამისად შენობებში ენერგიის და სხვა რესურსების დაზოგვა მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისათვის, მეორე მხრივ კი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისა და ეკონომიკისათვის. შენობების მწვანე სერტიფიცირება ასევე მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების კუთხითაც, რადგან მდგრადი განვითარება საბოლოოდ კონკრეტული პიროვნებების და ორგანიზაციების ასარჩევია,-“ ამბობს GCPF-ის კლიმატის დაფინანსების უფროსი მრჩეველი ლევან ხმიადაშვილი.
„ჩვენთვის, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, უდიდესი პრიორიტეტია გარემოზე ნეგატიური გავლენის შემცირება, მასზე ზრუნვა და მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვა. EDGE-ის სერტიფიკატის მოპოვება ჩვენი სათავო ოფისისთვის, რომელიც გამორჩეული არქიტექტურული ძეგლია, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ESG სტრატეგიის განხორციელების გზაზე. ვამაყობთ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქართველოს მწვანე შენობების პორტფელის გაფართოებაში და ვქმნით ისტორიული შენობის თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტებზე მორგების საუკეთესო პრაქტიკას. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორს GCPF-ს, ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ.











