საქართველო ტურისტებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს, ველოდები ძალიან ბევრ გერმანელ ტურისტს საქართველოში - გერმანიის ელჩი საქართველოში

ელჩი

ტურიზმის სფეროში  ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენასთან თანამშრომლობის შესახებ  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორმა დევიდ რუცმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა მემორანდუმს დღეს მოაწერეს ხელი.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს წამყვანი გამოფენა ITB Berlin და საქართველო შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე. მომავალ წელს საქართველო ITB Berlin-ის გამოფენაზე მასპინძელი ქვეყანა იქნება. ITB Berlin-მა საქართველო ოფიციალურად დაასახელა კულტურულ მიმართულებად, ასევე სპეციალურ მიმართულებად ბუნებისა და მდგრადი ტურიზმის კუთხით. ძალიან მოხარული ვარ, რომ გერმანიისა და საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ. მე  აქ მყოფ ITB Berlin-ის, კომპანიების წარმომადგენლებს, გერმანელ ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ ბერლინის გამოფენამ შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარტნიორ ქვეყნად დასახელებით, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც ტურისტებს უნიკალურ, მდიდარ გამოცდილებას სთავაზობს. მე ველოდები ძალიან ბევრ გერმანელ ტურისტს საქართველოში.“-აცხადებს გერმანიის ელჩი საქართველოში .

2023 წელს საქართველოს  ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყანის სტატუსით მონაწილეობა  უდიდესი შესაძლებლობაა მთელ მსოფლიოში ქვეყნის ტურისტული მიმართულების წარდგენის.  მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს საშუალება ეძლევა ტურისტული პროდუქტები გააცნოს გამოფენის  200 ათას ვიზიტორს, მათ შორის 100 ათას ბიზნეს-ვიზიტორს და  გამოფენის მრავალ მილიონიან სატელევიზიო მაყურებელს.