საქართველო საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში APAIE 2025 მონაწილეობს

საქართველო საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში APAIE 2025 მონაწილეობს

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის „Education In Georgia“ ფარგლებში საქართველოს დელეგაცია სამდღიან საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში APAIE 2025 მონაწილეობს, რომელიც ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში იმართება.

დელეგაციას, რომელიც განათლების სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ხელმძღვანელობს.

საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა 25 მარტს გაიხსნა და 27 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. APAIE 2025-ის გახსნის ღონისძიებაზე ალექსანდრე წულაძეს გამოფენის პრეზიდენტმა, პროფესორმა ვენკი შანკარარამანმა უმასპინძლა. მინისტრი, APAIE-ის პრეზიდენტთან ერთად, საგამოფენო სივრცეს ეწვია, სადაც „Education in Georgia“-ს კუთხეს გაეცნო და საზღვარგარეთის წამყვანი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც ალექსანდრე წულაძემ აღნიშნა, საქართველო რეგიონის მასშტაბით საგანმანათლებლო ჰაბს წარმოადგენს, საერთაშორისო გამოფენები კი ხელს უწყობს ქართული საგანმანათლებლო სისტემისა და უნივერსიტეტების პოტენციალის პოზიტიურად წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე. სწორედ ამ მიზნით, სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს პროექტს „Education in Georgia“, რათა საქართველოს უნივერსიტეტებმა კიდევ უფრო მეტად გააძლიერონ საერთაშორისო თანამშრომლობა – ინტერნაციონალიზაცია.

გამოფენაში ასევე მონაწილეობას იღებენ საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლები, რომლებიც სამუშაო შეხვედრებს მართავენ განათლების სფეროში არსებულ სხვადასხვა ორგანიზაციასთან შემდგომი თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში საერთაშორისო სტუდენტების მოსაზიდად.

გამოფენის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, ესტუმრონ „Education in Georgia-ს“ კუთხეს, ადგილზე გაეცნონ ქართული უნივერსიტეტების შეთავაზებებს, დაათვალიერონ მათი ინფრასტრუქტურა VR სათვალეების მეშვეობით და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სტუდენტური სერვისების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენას APAIE 2025 აზიისა და წყნარი ოკეანის საერთაშორისო განათლების ასოციაცია უწევს ორგანიზებას და მისი მიზანია აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის საგანმანათლებლო სისტემებისა და ინსტიტუციების საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების ხელშეწყობა. წელს გამოფენაში 70-მდე ქვეყანა მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს პროექტს „Education In Georgia“, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების საერთაშორისო კავშირების განვითარებას და სტუდენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის მობილობის მხარდაჭერას.

მიმდინარე წელს Education In Georgia-ს ფარგლებში საქართველოს დელეგაცია არაერთ საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.