უცხოელი დამფინანსებლების და მფარველების მიერ გულში ჩახუტებული ექსტრემისტების შეუმდგარ ძალადობრივ დამხობაზე მათი გამაყრუებელი სიჩუმე კარგად აჩვენებს, სინამდვილეში რა ფასი აქვს მათთვის დემოკრატიას - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

"სახელმწიფო გადატრიალების გუშინდელი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ჩვენ თვალთახედვიდან არ უნდა გამოგვრჩეს არც ის უცხოური პროპაგანდისტული მხარდაჭერა, რომელიც ხელისუფლების დამხობის გუშინდელ მცდელობას ჰქონდა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის განმარტებით, დანაშაულის მომზადებამდე, არც მისი მიმდინარეობისას და არც მას შემდეგ, არც ერთ უცხოელს, ბრიუსელის ბიუროკრატს თუ ცალკეული ქვეყნების ოფიციალურ პირს არამცთუ არ დაუგმია ძალადობა და დანაშაული, არამედ არც კი გამიჯვნია მას.

"სახელმწიფო გადატრიალების გუშინდელი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ჩვენ თვალთახედვიდან არ უნდა გამოგვრჩეს არც ის უცხოური პროპაგანდისტული მხარდაჭერა, რომელიც ხელისუფლების დამხობის გუშინდელ მცდელობას ჰქონდა. დღის განმავლობაში საერთაშორისო მედია პლატფორმებზე საქართველოდან მუდმივად მიედინებოდა დეზინფორმაციის ნაკადი, ხოლო უცხოეთიდან ისმოდა წამქეზებლური მოწოდებები ხალხისგან, რომლებიც, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ სისხლის ღვრის მოლოდინში, კმაყოფილი ხელებსაც იფშვნეტდნენ. ამ გარე მხარდაჭერის კულმინაცია კი საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმის პარალელურად ვიხილეთ, როდესაც გამოჩნდა ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახეების კოორდინირებული განცხადებები, რომლებსაც "მაიდანიზაციის" გარე მხარდაჭერის როლი უნდა ეკისრა.

დააკვირდით, რომ არც დანაშაულის მომზადებამდე, არც მისი მიმდინარეობისას და არც მას შემდეგ, არც ერთ უცხოელს, ბრიუსელის ბიუროკრატს თუ ცალკეული ქვეყნების ოფიციალურ პირს არამცთუ არ დაუგმია ძალადობა და დანაშაული, არამედ არც კი გამიჯვნია მას. გვესმოდა მხოლოდ დანაშაულის მხარდამჭერი ლოზუნგები და ზოგადი, ცარიელი ფრაზები დემოკრატიისა და თავისუფლების შესახებ, რომლებიც კიდევ უფრო ცინიკური ჩანდა იმ მასობრივი დანაშაულის ფონზე, რომელსაც პირდაპირ ეთერში უყურებდა მთელი მსოფლიო.

უფრო მეტიც, რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოვისმინეთ ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადება, რომელმაც 4 ოქტომბერს დაანონსებულ ხელისუფლების დამხობის შეკრებას სოლიდარობა გამოუცხადა. ამ განცხადების მავნებლურ ხასიათზე ჩვენი მრავალჯერადი მითითების მიუხედავად, მას არავინ გამიჯვნია. რა თქმა უნდა, საზოგადოება ამ ღია მხარდაჭერას არ ივიწყებს და განმარტებასაც ელის.

უცხოელი დამფინანსებლების და მფარველების მიერ გულში ჩახუტებული ექსტრემისტების შეუმდგარ ძალადობრივ დამხობაზე მათი გამაყრუებელი სიჩუმე კარგად აჩვენებს, თუ სინამდვილეში რა ფასი აქვს მათთვის დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და ქართველი ხალხის მშვიდობიან განვითარებას", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილი.