საპატრიარქო სამძიმრის წერილს ავრცელებს

sapatriarqo

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს:

,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ბოლო 2 წლის მანძილზე უკვე მეოთხე მღვდელმთავარს ვემშვიდობებით; ამჟამად - მის ყოვლადუსამღვდელოესობა დამიანეს (ხუფენია).

იგი ზრუნვას არ აკლებდა სამწყსოს, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სენით იყო დაავადებული. მისი ამ ქვეყნიდან გასვლა კი ღმერთმა უფრო ადრე ინება.

წავიდა ჩვენგან კეთილი, თავმდაბალი, ერთგული, მშრომელი მღვდელმთავარი, რომელიც საერო თუ სასულიერო ცხოვრების პერიოდში ყოველთვის იყო სამშობლოს ერთგულ დამცველთა რიგებში.

აღვავლენთ ლოცვებს მეუფე დამიანეს უკვდავი სულისათვის, რათა მან წიაღი ღვთისა დაიმკვიდროს, ხოლო მის თანამოძმეთ, ახლობლებს და სამთავისისა და კასპის ეპარქიას მომადლოს ნუგეში და ლოცვის ძალა.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი", - აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.

ცნობისთვის, ეპისკოპოსი დამიანე ავტოავარიას ემსხვერპლა.