1731614151
სანთლების კურთხევის წესი მირქმის დღესასწაულზე
საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში, მირქმის დღესასწაულზე, სანთლების კურთხევის წესის შესახებ ვრცელ ინფორმაციას ავრცელებს.
”მირქმა-მიგებების” დღესასწაულთან დაკავშირებით
წინათქმა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II კურთხევით, უკვე რამდენიმე წელია განსხვავებულად აღინიშნება მირქმის დღესასწაული; კერძოდ, ძველ საღვთისმსახურო წიგნთა მონაცემების გათვალისწინებით და ჩვენს რეგიონებში, განსაკუთრებით კი სვანეთში, დაცული ძველი წესის,− „ლამპრობის,“ ანუ „სვიმნიშობის“ მიხედვით.
სვანეთში შემორჩენილ ტრადიციაში განსაკუთრებულია ბავშვების როლი, რაც შემდეგში მდგომარეობს: კერძოდ, საეკლესიო მსახურების შემდეგ, ბავშვთა გუნდი, ანთებული სანთლებით, მაცხოვრის განდიდებითა და სვიმეონ მიმრქმელისადმი ლოცვით შემოივლიან სოფლის უბნებს. თითოეული ოჯახიდან მათთან შესახვედრად ანთებული სანთლით გამოდის ოჯახის უფროსი. ბავშვები(რომლებიც სიმბოლურად განასახიერებენ მაცხოვრის ტაძრად მისვლის მახარობლებს) ლოცავენ ოჯახის თავს. შემდეგ ოჯახის უფროსიც, (რომელიც, ასევე, სიმბოლურად განასახიერებს სვიმეონ მიმრქმელს) ლოცავს ბავშვებს. ერთ-ერთი ბავშვი ტაძარში ნაკურთხ ანთებულ სანთელს აწვდის ოჯახის უფროსს, რომელიც თავის სანთელს გადასცემს მას.
სანთლების გაცვლა სიმბოლოა ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის შეხვედრისა.
როგორც ცნობილია, ტაძარში მიყვანილ ახლადშობილ იესოს 40-ე დღეს მიეგება ძველი აღთქმის ერთ-ერთი რჩეული მსახური, - წმინდა სვიმეონ წინასწარმეტყველი. ღრმად მოხუცებულ მართალ სვიმეონს ნაუწყები ჰქონდა სულიწმიდისაგან, რომ არ აღესრულებოდა, ვიდრე მესიას არ იხილავდა; და, აი, მათი შეხვედრით დასრულდა უფლის მოვლინების მრავალათასწლიანი მოლოდინი.
„მირქმა-მიგებების“ დღესასწაული ეს არის დიდი ზეიმი, - კაცობრიობის მხსნელის დაბადების შესახებ ტაძარში გაცხადებული პირველი მოწმობა და, ამდენად, დადასტურება იმისა, რომ „ბნელი იგი განგვეშორა და დღე შემოგვეახლა,“ რომ დასრულდა ტანჯვისა და სიკვდილის მეფობა და გაიხსნა გზა ცათა სასუფევლისა. ამიტომაც არის „მირქმა“ სინათლისა და სიხარულის დღესასწაული.
ამ დღეს, ასევე, გადიან საფლავებზე, რათა მიცვალებულებსაც ახარონ უფლის განკაცება, მისი ტაძარში მოსვლა და სიხარული იმისა, რომ სიკვდილის შიში დაძლეულია, რომ ძველი აღთქმის მართალნიც და მაცხოვარის რწმენით შესვენებულნიც ამიერიდან მშვიდობასა და ნეტარებაში განისვენებენ.
თავდაპირველად ეს დღე უფრო განსაკუთრებულად, დიდი ზეიმთ აღინიშნებოდა იერუსალიმის ეკლესიაში და სხვა ეკლესიებშიც. სადღესასწაულო მსახურების ბოლოს სასულიერო პირები სანთლებს აკურთხებდნენ და ანთებული სანთლებით, ხატებითა და ბაირაღებით ხალხთან ერთად ლიტანიობით მსვლელობას აწყობდნენ.
ეს წესი საქართველოშიც მოქმედებდა. შემდეგ სხვადასხვა მიზეზის გამო იგი დავიწყებას მიეცა და, ძირიადად, ხალხურმა მეხსიერებამ შემოგვინახა „ლამპრობის“ სახელწოდებით.
როგორც ექვთიმე კოჭლამაზაშვილი თავის სტატიაში („ლამპრობა-მიგებების დღესასწაული“) წერს, „ლამპრობის“ ხალხური წესი შემორჩენილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: სვანეთში, მთიულეთში, გუდამაყარში, ფშავში, ხევსურეთში, ხევში, გურიაში, იმერეთში... ამასთან ,,მირქმა,“ „მიგებება,“ ,,ლამპრობა“ ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია. წმ. კირილე ალექსანდრიელი (+444), სოფრონ იერუსალიმელი (634-638), კირილე სკვითოპოლელი (+557), სილვია აკვიტანელი, რომელიც პირველწყაროების მიხედვით მოიხსენება როგორც მომლოცველი ეგერიაც (IV ს) და სხვა ავტორები გვაუწყებენ, რომ ამ დღეს სრულდებოდა ლიტანიობა (საზეიმო მსვლელობა) ანთებული სანთლებით.
რომის ეკლესიაში „მიგებებამ“ საერთოდაც სანთლების (ლამპრების) დღესასწაულის სახელი მიიღო და სანთლებით მსვლელობის რიტუალი სხვადასხვა ვარიაციით აისახა ევროპის ხალხთა წეს-ჩვეულებებშიც.
„ლამპრობისა“ და „მიგებების“ იგივეობას ადასტურებენ ქართული საისტორიო და ლიტურგიკული მწერლობის ძეგლებში დაცული ცნობებიც. უძველეს საღვთისმსახურო კრებულებში „მიგებების“ დღესასწაული არცთუ იშვიათად „ლამპრობის“ სახელით გვხვდება. „ლამპრობა“ რომ სწორედ „მიგებების“ გამომხატველია, გვიჩვენებს ამ სახელით წარწერილი საკითხავ-საგალობლების კალენდარული ადგილი და შინაარსი. სახელდობრ, „იბაკონი ლამპრობისანი“ - ასეა დასათაურებული მოხუცებული სვიმეონის მიერ ყრმა იესუს მიქრმის შესახებ საგალობლები უძველეს ჰიმნოგრაფიულ კრებულში, - „იადგარში“.
უძველესი ლიტურგიკული პრაქტიკის ამსახველ ევხოლოგიონში(კურთხევანი) ვხვდებით „ლამპრობის“ კვერექსებსა და „ლამპართა მიგებების“ კურთხევის წესს, რაც, კალენდარული ადგილისა და შინაარსის მიხედვით, „მიგებების“ დღესასწაულს შეეფერება. „პარხალის მრავალთავში“ ლამპრობის საკითხავად შეტანილია აპოკრიფული თხზულება: „სიყრმე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი,“ რომელიც შინაარსის მიხედვით ისევ და ისევ „მიგებების“ დღესასწაულს შეეფარდება. „ლამპრობა“, როგორც დღესასწაული, „ქართლის ცხოვრებაშიცაა“ მოხსენიებული „მიგებების“ შესატყვისად.
საინტერესოა, რომ ,,უფლის მიგებების“ ამსახველ ქართულ ძველ ხატებზე სხვადასხვა ფორმით გამოხატულია ანთებული ლამპარი. მაგალითად, XII-XIII სს. ტიხრული მინანქარის ფირფიტაზე ლამპარი გამოსახულია ძირს მდგარი, ღმრთისმშობლის წინ, X-XI სს. ჭედურ ხატზე (მოოქრული ვერცხლი) იგი ხელთ უპყრია მართალი სვიმეონის უკან მდგომ ანა წინასწარმეტყველს.
სრულად, ნახეთ აქ ⬇️