სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია გაიმართა

ცესკო

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის სომხურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ თაქთაქიძემ გახსნეს.

გიორგი შარაბიძემ  საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობისა და მათი ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნების ადმინისტრირებასთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პერიოდული გამოცემა „არჩევნები 360˚“, რომელიც მკითხველს  ობიექტურ, მიუკერძოებელ და პროფესიონალურად მომზადებულ კონტენტს სთავაზობს როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატში. გიორგი შარაბიძის თქმით, ჟურნალი ხელმისაწვდომია მკითხველთა ფართო აუდიტორიისთვის და რამდენიმე ენაზე გამოიცემა -  ქართულ-ინგლისურ, ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე.

შეხვედრის ფარგლებში ჟურნალის პრეზენტაციასთან ერთად სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის სიახლეებზე და მიმდინარე საქმიანობაზე გიორგი შარაბიძესთან ერთად ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა და ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა ისაუბრეს.

ნათია იოსელიანმა შეხვედრის მონაწილეებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და ცესკოს ახალი პლატფორმის - დეზინფორმაციის რეესტრის შესახებ გააცნო ინფორმაცია. გიორგი სანტურიანმა კი დეტალურად ისაუბრა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობის შესახებ.

პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა დისკუსია და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს.

პრეზენტაცია ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში 9 ნოემბერს გაიმართა. უნივერსიტეტის სტუდენტებთან და წარმომადგენლებთან შეხვედრას ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მდივანი ქეთი ქარენაშვილი, სამცხე - ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი სოსო პარუნაშვილი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები ჰასმიკ მარანგოზიანი და სეირან კიურეღიანი დაესწრნენ.

✕