„საკვები საერთოდ არ მიუღია, შიოდა ბავშვს და ვერ ჭამდა...“ - რას ამბობენ გარდაცვლილი 23 წლის ქალის ახლობლები

ოჯახი

სამტრედიაში, 23 წლის გოგონა გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ახლობლების თქმით, ოპერაციის შემდეგ ლანას ტკივილები ჰქონდა, რასაც სისხლდენა მოჰყვა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ მას გადასხმაც გაუკეთეს, რადგან საჭმელს ვერ ჭამდა.

„რომ წაიყვანეს გუშინწინ და მიიყვანეს და გადასხმა გაუკეთა ექიმმა და  არაფერი არ სჭირსო და გამოუშვა, ღებინების შეგრძნება ჰქონდა ბავშვს იმას ყურადღება არ ჭირდებოდა? ახლა როგორ ამბობენ, იმას, რომ ...საკვები საერთოდ არ მიუღია ბავშვს. შიოდა ბავშვს და ვერ ჭამდა...

ხუთშაბათს დააწვინეს, გამოგვატანეს პარასკევს, გაუკეთეს გადასხმა. საავადმყოფოში გადასხმა უნდა და მეტი არაფერი არ უნდაო. საჭმელი ვერ ჭამა, რაც ჭამა სულ ყველა დააბრუნა. კაია სისხლი რომ არ წამოუვიდეო და მეორე დღეს წამოუვიდა“,- ამბობენ ახლობლები. 

ამასთან, კლინიკაში „პრაიმტაიმთან“ განმარტავენ, რომ ოპერაციას არანაირი გართულება არ მოჰყოლია. 

„პაციენტს ჩვენთან გაუკეთდა გლანდების ოპერაცია 19 ოქტომბერს. იქამდე მას ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები, რომელიც აუცილებელია. ოპერაცია ყოველგვარი გართულების გარეშე დასრულდა. როგორც წესი, ოპერაციიდან  ერთი დღის მანძილზე დარჩა კლინიკაში და გადატანილი ოპერაციის სიმძიმის შესაბამისად გაეწერა კლინიკიდან ჯანმრთელი ჩივილების გარეშე. ოპერაციიდან გასულია ოთხი დღე და ჩვენ ეს სამწუხარო ამბავი გავიგეთ, რომ დაეწყო სისხლდენა. კლინიკა და უშუალოდ ექიმი თანამშრომლობს გამოძიებასთან. ველოდებით გამოძიების დასრულებას“,- განმარტავენ კლინიკაში.