სახლიდან და რესტორნიდან გამოსულ ხმაურზე პარლამენტი სანქციებს ამკაცრებს

თბილისი

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც დღის ან ღამის საათებში სახლიდან ან/და ნებისმიერი კომერციული დაწესებულებიდან გამოსულ ხმაურზე სანქციებს მნიშვნელოვნად ამკაცრებს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტმა 16 ნოემბერს შეიტანა. ცვლილებები ამოქმედდება პრეზიდენტის ხელმოწერიდან მე-15 დღეს. სავარაუდოდ, დეკემბრის პირველ ნახევარში.

ხმაურზე დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის მოქალაქეს ან კომერციულ დაწესებულებას, გაფრთხილების ნაცვლად, პირველ შემთხვევაშივე დააჯარიმებენ - მოქალაქეს 150 ლარით, კომერციულ დაწესებულებას - 1500 ლარით (იზრდება 3-ჯერ);

ხელმეორედ მსგავსი დარღვევისთვის მოქალაქე 500 ლარით (ახლა 300 ლარია), ხოლო ორგანიზაცია 5000 ლარით (ახლა 1000 ლარია) დაჯარიმდება;

თუ ხმაურზე დაწესებულ შეზღუდვას მოქალაქე მესამედ დაარღვევს, 1000 ლარით დაჯარიმდება. ორგანიზაციის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 10 000 ლარი.