სახალხო დამცველმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური საცხოვრისი მოინახულა

სახალხო დამცველი

2025 წლის 29 ივლისს სახალხო დამცველმა ბოლნისში, სიონის ჩიხის N1 ში მდებარე სოციალური საცხოვრისი მოინახულა. საცხოვრისში ამჟამად ექვსი ოჯახი ცხოვრობს.

სოციალური საცხოვრისი განთავსებულია ე.წ. სამთო ქიმიის ყოფილ შენობაში, რომელიც  ქიმიური პროცესების წარმართვისთვის გამოიყენებოდა. შენობის საერთო მდგომარეობა უსაფრთხოების თვალსაზრისით კრიტიკულია. შენობას აღენიშნება ბზარები, ჩამოშლილი ფასადი, კედლები ხშირად სველდება, შეინიშნება ჭერიდან წყლის ჩამოსვლის ნიშნებიც, კანალიზაციის სისტემა გაუმართავია და სარდაფი ხშირად იტბორება.

როგორც მაცხოვრებლები აღნიშნავენ და ვიზუალურადაც შესამჩნევია, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას შენობაში ნესტი წარმოადგენს. სინესტის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებლის გამო, საცხოვრებელ ოთახებში გაუსაძლისი სუნია და კედლები გაშავებულია. ბენეფიციარებისთვის გამოყოფილი ოთახების საერთო მდგომარეობა არასათანადოა, კედლები, იატაკი და ჭერი დაზიანებულია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული სხვა სოციალური საცხოვრისების უმრავლესობის მსგავსად, ბოლნისში, სიონის ჩიხის N1 ში მდებარე საცხოვრისსაც არ ჰყავს ადმინისტრაცია. ამდენად, მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან არ ხდება დაწესებულებაში არსებული პირობების სისტემური მონიტორინგი და ამ თავლსაზრისით, არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად ქმედითი, დროული და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა.