საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

შავი პარასკევი

ალბათ, გინახავთ კადრები, როგორ ცდილობენ ზღურბლთან მომლოდინე ადამიანები კარის გახსნისთანავე მაღაზიაში მთელი სისწრაფით შეღწევას და სასურველი ნივთის წამიერად დასაკუთრებას — ეს “შავი პარასკევია”, აშშ-ში და უკვე მთელ მსოფლიოში წლის ყველაზე ხმაურიანი და აქტიური სავაჭრო დღე. ყოველ წელს, ნოემბრის ბოლო პარასკევს მაღაზიები სპეციალურ ფასდაკლებებს თითქმის ყველა სახის პროდუქტზე აწესებენ და მომხმარებლებს ადგილზე თუ ონლაინ ეფექტური შემოთავაზებებით იზიდავენ. სავაჭრო ობიექტებთან რიგები წინა საღამოდან დგება, რადგან ამ დღეს ადამიანები მთელი წელი ელიან.

და მაინც, რატომ გახდა ერთი დღე თითქმის მთელ მსოფლიოში ყველაზე გრანდიოზული სავაჭრო თარიღი — ისეთივე გრანდიოზული, როგორიც ამ დღეს დაწესებული ფასდაკლებებია? ჩვენ მოგითხრობთ, საიდან და როგორ დაიწყო შავი პარასკევის ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი.

საიდან მოდის ტერმინი “შავი პარასკევი”

როგორც ბევრი ტრადიციის შემთხვევაში, “შავი პარასკევის” ეტიმოლოგიაზეც ერთი აზრი არ არსებობს. ბევრი მიიჩნევს, რომ ტერმინი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დამკვიდრდა. მაშინ მაღაზიებში საბუღალტრო საქმეები ჯერ კიდევ ხელით იწერებოდა, წითელი მელნით ზარალს აღნიშნავდნენ, შავით კი — მოგებას, შესაბამისად, მადლიერების დღის მეორე დღიდან, როცა ადამიანები შობისთვის მზადებას აქტიურად იწყებდნენ, მაღაზიები “წითელი” ზონიდან “შავში” გადადიოდნენ.

მეორე ვერსიით, “შავი პარასკევი”, როგორც ტერმინი, უფრო ადრე, 1896 წელს გამოიყენეს. მაშინ ორმა ინვესტორმა ჯეი გოულდმა და ჯიმ ფრისკმა ამერიკის ოქროს ბირჟაზე მანიპულაციების მეშვეობით უდიდესი კრიზისი გამოიწვიეს. რაც შეიძლება მეტი ოქრო შეიძინეს, რათა ფასები გაზრდილიყო და ძვირფასი ლითონი ძვირად გაეყიდათ, თუმცა პრეზიდენტ გრანტის საბაზრო ინტერვენციებით ამ გეგმამ კრახი განიცადა — ბაზარზე ფასები დაეცა და ათასობით ამერიკელი გაკოტრების პირამდე მივიდა.

შავ პარასკევს უარყოფითი დატვირთვა გასული საუკუნის 20-იან წლებშიც ჰქონდა. მაშინ ბიზნესის მფლობელები წუხდნენ, რომ მუშები მადლიერების დღის მომდევნო პარასკევს სამსახურს ავადმყოფობის მიზეზით აცდენდნენ, შესაბამისად, აფერხებდნენ კომპანიას და ეკონომიკასაც პრობლემებს უქმნიდნენ.

კიდევ უფრო სარწმუნო მოსაზრების თანახმად, ტერმინი 1950 წელს, ფილადელფიაში “დაიბადა”, როცა მადლიერების დღის მომდევნო პარასკევ დღეს უამრავმა ტურისტმა მოიყარა თავი საშობაო ვაჭრობისთვის და ყოველწლიურ სანახაობაზე, ამერიკული ფეხბურთის სახელგანთქმულ მატჩზე, Army-Navy game-ზე დასასწრებად. მაშინ ქუჩებში იმდენი ადამიანი გამოეფინა, რომ ხალხის ნაკადთან, საცობებთან, ავარიებთან და ქურდობებთან გასამკლავებლად პოლიციელებს დიდი დრო დასჭირდათ.

ფილადელფიელმა მოვაჭრეებმა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, “შავი პარასკევის” ნაცვლად უფრო შელამაზებული ტერმინი “დიდი პარასკევი” ყოველდღიურ გამოყენებაში ვერ დაამკვიდრეს. 80-იანი წლების ბოლოსთვის ტერმინი “შავი პარასკევი” და თავად ტრადიცია მთელ ქვეყანაში გავრცელდა. ხალხში კი მაღაზიების “შავ-წითელი” ბუღალტრული ჩანაწერების შესახებ ზემოხსენებულმა ისტორიამ მოიკიდა ფეხი.

რატომ გახდა შავი პარასკევი პოპულარული?

გასული საუკუნის დასაწყისში ერთგვარი დაუწერელი კანონი გახდა, რომ არცერთი მოვაჭრე არ დაიწყებდა საშობაო რეკლამების განთავსებას მანამ, სანამ მადლიერების დღის აღლუმი არ დასრულდებოდა. დროდადრო მათ ისიც გააანალიზეს, რომ ფასების დაკლებით ბევრი ადამიანის მიზიდვა შეეძლოთ და ეს შობის წინა საღამოს, ბოლო წუთს, ფასდაკლებების გამოცხადებაზე ბევრად უფრო მოსახერხებელი და შემოსავლიანი იყო. ასე დამკვიდრდა შავი პარასკევის ტრადიცია.

დღეს შავ პარასკევს მსოფლიოს გარშემო მილიონობით სავაჭრო ობიექტი “აღნიშნავს”. ამერიკაში ზოგიერთი მათგანი მადლიერების დღესვე, დილიდან აწესებს ფასდაკლებას, ზოგიც კი დღეებით ან კვირებით ადრე აგზავნის სარეკლამო განცხადებებს ფასდაკლებების შესახებ.

ამ დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნა ელექტრონულ მოწყობილობებსა და სათამაშოებზეა და გრანდიოზული ფასდაკლებებიც, როგორც წესი, სწორედ ამ ნივთებზე ვრცელდება. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ “შავ პარასკევს” ყველაფერი იყიდება, ტანსაცმლითა და საყოფაცხოვრებო ნივთებიდან დაწყებული, ავეჯით დამთავრებული.