1738930726
სად წავიღოთ "დაძველებული" წითელი კვერცხი და ყვითელი ჯეჯილი - დეკანოზის პასუხი

აღდგომის სიმბოლოებს - წითელ კვერცხსა და ჯეჯილს "თავისი დრო" აქვს, შემდეგ ჯეჯილი ყვითლდება, კვერცხის ჭამისგანაც თავს ვიკავებთ; ერთი კვირის შემდეგ ვორჭოფობთ - ვარგისია თუ არა საკვებად?
რა უნდა ვუყოთ "მოძველებულ" წითელ კვერცხსა და ჯეჯილს?
"პრაიმტაიმის" კითხვაზე პასუხს დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი სცემს.
დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი: - ეკლესია-მონასტრებში არის ადგილები, სადაც ისეთი მოხმარების ნივთებს ვათავსებთ, რასაც ურნაში არ ვყრით, რადგან მისადმი მოკრძალება გვაქვს. მერე ისინი ან იწვება, ან სპეციალურ ადგილას მიწაში იფლება. მაგალითად, გამხმარი სეფისკვერი, საკმევლის ნამწვი, ძველი წითელი კვერცხი. ისინი ნაგავში არ უნდა მოხვდეს. კვერცხი შეიძლება სასაფლაოზე, ერთ კონკრეტულ ადგილას დაფლონ.
ჯეჯილს ტაძრების ეზოებში რგავენ. ვისაც აქვს ბაღ-ბოსტანი, შეუძლია იქ დარგოს ან მოათავსოს ჯეჯილი. ის სიწმინდე არ არის, მას სიმბოლური დატვირთვა აქვს, ამიტომ სახლის ეზოშიც გადარგეთ.
ასევეა დამწვარი ნახშირი და საკმეველიც; ის ურნაში არ უნდა გადაყაროთ, არამედ ბაღ-ბოსტანში ხეებსა და ნარგავებს მოუყარეთ ძირში, ან ტაძრის ეზოში, ასეთი ნივთებისთვის სპეციალურად განკუთვნილ ადგილას მიიტანეთ.