სად არის ყველაზე დაბალი ფასი? - ახალი პორტალი ekalata.gov.ge, რომელიც სურსათის ფასებს ერთ სივრცეში აერთიანებს

პროდუქტი

მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი - სწორედ ასეთია ekalata.gov.ge - სასურსათო პროდუქტების ახალი საინფორმაციო პორტალი, რომელსაც მოქალაქეები უკვე აქტიურად იყენებენ. ამბობენ, რომ ელექტრონული კალათით სარგებლობა უკვე მათი ყოველდღიურობა გახდა.

ელექტრონული კალათა სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში უყრის თავს. საინფორმაციო პლატფორმა კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ წარადგინა. ახალი პლატფორმა, მომხმარებელთა ინფორმირებულობასთან ერთად, მსხვილ ქსელებს შორის კონკურენციასაც გაზრდის. 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტი და ფასდაკლებები, რომელსაც ამ პროდუქტებზე 12 მსხვილი ქსელი ადგენს - ახალი ვებ-გვერდი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, რომ პროდუქტების ღირებულების მიხედვით სასურველი არჩევანი გააკეთონ.

ფასების რეგულირების საკითხზე სამთავრობო კომისიამ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იმუშავა. სასურსათო პროდუქციაზე ფასწარმოქმნის მექანიზმი შეისწავლა საპარლამენტო კომისიამაც. სწორედ მის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების საფუძველზე, მსხვილი სავაჭრო ქსელები უკვე ორი თვეა მოქალაქეებს "საოჯახო კალათით" განსაზღვრულ საბაზისო პროდუქტებზე რეგულარულ ფასდაკლებებს სთავაზობენ. ფასების შემცირების მიზნით შექმნილი სტრატეგიის ფარგლებში კი, კონკურენციის სააგენტოს დაევალა, პროდუქტებზე საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში მოეთავსებინა.

სასურსათო პროდუქტების საინფორმაციო პორტალი, პრემიერის შეფასებით, სწორედ მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული. მთავრობის მეთაურმა თქვა ისიც, რომ პლატფორმის სწორად მუშაობას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

პროგრამაში ჩართული მსხვილი სავაჭრო ქსელები ვალდებულები იქნებიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის შემადგენლობაში შემავალი პროდუქტების ფასდაკლებების შესახებ. იგეგმება სპეციალური აპლიკაციის შექმნაც მობილური მოწყობილობებისთვის, რაც მოქალაქეებისთვის ფასების შესახებ ინფორმაციის კიდევ უფრო სწრაფად მიღებას უზრუნველყოფს.