სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ახალ განცხადებას აკეთებს

chkhaidze

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში მედიკოსების მიერ გაცემული რეკომენდაციები ისევ არ სრულდება და პაციენტი მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე რჩება.

ჩხაიძის თქმით, ამის მიუხედავად მიხეილ სააკაშვილი შედარებით უკეთ გრძნობს თავს, თუმცა მისი მდგომარეობა საყურადღებოდ რჩება. 

 „რა თქმა უნდა, პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული სამკურნალო საშუალება, რასაც სხვათა შორის, გაეცნო კონსილიუმი და სრული თანხმობა გვაქვს ამ დანიშნულებასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ნაწილობრივ სრულდება, ფაქტობრივად არ სრულდება და სამწუხაროდ, რჩება მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა. გადაადგილდება პაციენტი, შედარებით უფრო გააქტიურებულია. იმედს ვიტოვებთ, რომ პაციენტი კიდევ უფრო შეასრულებს ჩვენს რეკომენდაციებს და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება“, - განუცხადა ჩხაიძემ TV პირველს. 
ხოლო კითხვაზე, არსებობს თუ არა მიხეილ სააკაშვილის უეცარი სიკვდილისა და ფილტვების ინფარქტის რისკები, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს.

„ეს არის წმინდა თეორიული მსჯელობა. ნებისმიერი პაციენტი, ნებისმიერი დაავადებით, არ არის დაზღვეული ამგვარი გართულებისგან, ხოლო რაიმე განსაკუთრებული საფუძველი საამისო არ არის. თუმცა, ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ პრევენციულ კვლევებს, მაგრამ მსგავსი რაიმე მონაცემი დასახელებული გართულებისა, ამ ეტაპზე არ არის. ზოგადად, შეიძლება იმსჯელო ნებისმიერი დაავადების გართულებაზე“, - აცხადებს „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი.