რვა თვის ვადით გაწვეულმა და ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყეს

საბრძოლო მომზადების კურსი

ახალქალაქის ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრსა და ვაზიანის სამხედრო ბაზაზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში რვა თვის ვადით გაწვეულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყეს.

წვევამდელები, საბრძოლო მომზადების პირველ 8-კვირიან ეტაპზე სპეციალურ მომზადებას გაივლიან: შეისწავლიან სხვადასხვა სამხედრო დისციპლინას და გაეცნობიან ჯარისკაცის მოვალეობებს. კურსის დასრულების შემდეგ, სამხედრო ფიცს დადებენ და ტერიტორიული პრინციპით თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.

ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში შესვლის პირველივე დღეს წვევამდელებს სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ და აღჭურვილობის მიღების შემდეგ ყაზარმებში განთავსდნენ.

საქართველოს მასშტაბით სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ცენტრებში ჯამში 590 წვევამდელი გაიწვიეს. ახალგაზრდები ცენტრებში მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გამოცხადდნენ.

დამშვიდობებისა და ერთობლივი ფოტოს გადაღების შემდეგ წვევამდელები, თავდაცვის სამინისტროს უზრუნველყოფით ვაზიანისა და ახალქალაქის ქვედანაყოფებში განაწილდნენ.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.