პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსთავში, მე-19-ე და მე-18-ე მიკრორაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე, 13 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, სრულიად ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
ახალ სკვერის გახსნას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების წევრები დაესწრნენ.
რუსთაველმა ახალგაზრდებმა, სკვერს სახელიც შეურჩიეს და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ახალი რეკრეაციისთვის, მშვიდობის სკვერის სახელის მინიჭების ინიციატივით მიმართეს მუნიციპალიტეტს. სკვერის საზეიმო გახსნას, დღეს რუსთავში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეებიც დაესწრნენ.
,,ჩვენ დღევანდელი დღე მივუძღვენით მშვიდობას და სკვერის გახსნაზე შემოგვიერთდნენ უკრაინელი ოჯახები, რომლებიც ომის გამო დღეს რუსთავში არიან. ახალგაზრდებს ჰქონდათ ძალიან კარგი ინიციატივა, რომ სკვერს დარქმეოდა სახელი და ეს სახელი ყოფილიყო - მშვიდობა. ჩვენ მათ ხელმოწერით დავუდასტურეთ ჩვენი თანხმობა ამ ინიციატივაზე. ამ ადგილზე, სკვერის მოწყობა მოსახლეობის თხოვნა იყო. მახარებს ის, რომ ძალიან სწრაფად შევძელით დაპროექტება და, ხედავთ რამდენად ლამაზი გამოვიდა ადგილი, სადაც ახალგაზრდებისთვის და პატარებისთვისაც არის გასართობი და სპორტული სივრცეები მოწყობილი, არის ამფითეატრი, რომელსაც დარწმუნებული ვარ საუბნო ღონისძიებებისთვის ახალგაზრდები და არა მხოლოდ ახალგაზრდები ხშირად გამოიყენებენ. ტერიტორიაზე დაირგო 300-ზე მეტი ხე, რომელიც ასე აკლია ჩვენს ქალაქს და სრულიად ახალი რეკრეაციული სივრცე შეიქმნა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ახალი სკვერში ანიმატორების ჯგუფმა პატარებისთვის გასართობი შოუ მოაწყვეს, სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, კი მშვიდობის თემატიკაზე ნამუშევრები შექმნეს, გაიმართა ART LIFE-ის შოუ, ბენდ BEYOND-ის კონცერტი, საღამო დიჯეიმ დაასრულა. მრავალფუნქციურ რეკრეაციაში, საბავშვო და სპორტული სივრცეები, ამფითეატრი და დასასვენებელი ზონებია მოწყობილი.
,,კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა ქალაქ რუსთავს. ეს არ არის ერთადერთი პროექტი, რომელიც განხორციელდა, ჩვენ რამდენიმე დღეში კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე ვიწყებთ მასშტაბური სკვერებისა და პარკების მოწყობის სამუშაოებს. რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ახლო მომავალში, რუსთაველებს ძალიან ბევრი გამწვანებული სივრცე ექნებათ“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.
დენდროლოგიური პროექტის ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე 350 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგო.
,,ნებისმიერი რეკრეაციული სივრცე რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. მე მოხარული ვარ და მივესალმები იმ ფაქტს, რომ ჩვენ რუსთაველებმა, რაღაცნაირად შევძელით პრივატიზებისგან დაგვეცვა და გადაგვერჩინა ქალაქში არსებული რეკრეაციული სივრცეები და ახლა მიმდინარეობს მათი რეაბილიტაცია და გამწვანება. ამის ნათელი მაგალითია დღეს გახსნილი სკვერი, რომლის სახელწოდება დაკავშირებულია მშვიდობასთან და მსოფლიო გამოწვევის გათვალისწინებით დღეს მშვიდობის მნიშვნელობა ყველას ძალიან კარგად მოგვეხსენება“, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.
მე-19-ე და მე-18-ე მიკრორაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი სკვერის მოწყობის პროექტის ღირებულება 1 224 439 ლარია.
მიმდინარე წელს, რუსთავში ახალი რეკრეაციული სივრცეების მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში, კიდევ ერთი ახალი სკვერი მე-8-ე მიკრორაიონში გაიხსნება, რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დაწყებულია დიდების ხეივანში და ცურტაველის მოედნის მიმდებარედ, სკვერის რეაბილიტაცია და ახალი მედიათეკის მშენებლობა, უახლოეს პერიოდში დაიწყება კლდიაშვილის ქუჩაზე