რუსთავის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის ახალი სერვისი - საზაფხულო ბაღი ამოქმედდა

ნინო ლაცაბიძე

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების აღსაზრდელთათვის, წელს პირველად, ახალი სერვისი - საზაფხულო ბაღი ამოქმედდა.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე კახა გურული, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად, საზაფხულო ბაღებში მიმდინარე სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს გაეცნო. 

„რუსთავში პირველად დაიწყო ფუნქციონირება საზაფხულო ბაღმა.  ჩვენ გადავწყვიტეთ, იმ მშობლებისთვის შეგვეწყო ხელი და დავხმარებოდით, ვისაც ბავშვები ვერ გაჰყავს ქალაქიდან. 500-მდე ოჯახმა გამოთქვა სურვილი და ვცდილობთ, რომ სერვისი მაქსიმალურად მორგებული იყოს თითოეულ ბავშვზე“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

საზაფხულო ბაღში აღსაზრდელები #6, #10 და #34 ბაგა-ბაღებმა მიიღეს.

როგორც რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრი ამირან ჯანჯღავა აცხადებს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობასთან შეხვედრისას, მათი თხოვნა იყო საზაფხულო ბაღის გახსნა და დაპირება, რომელიც მაშინ ნინო ლაცაბიძისგან და მისი გუნდისგან იქნა მიცემული, შესრულდა.

საზაფხულო ბაღში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი  პირველ ივლისს დაიწყო და 31 ივლისს დასრულდება. აღსაზრდელთა მიღება, წინასწარი სტატისტიკური კვლევის საფუძველზე მოხდა. საზაფხულო ბაღში ბავშვის ჩარიცხვის სურვილი,  500-მდე აღსაზრდელის მშობელმა გამოთქვა.