რუსთაველის გამზირზე მისული მოქალაქეები აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები მემორიალთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევენ

რუსთაველი

რუსთაველის გამზირზე მისული მოქალაქეები აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები მემორიალთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.

„ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩვეულებრივი მოქალაქე. 90-იანი წლების 9 აპრილის მონაწილე ვარ და ყვავილები ვერ მივიტანე. თავისუფლება ჩვენმა თაობამ მოიტანა, ამას ნუ უარყოფთ და გადაგვისვამთ ხელს. არავის ვუპირისპირდებით, მაგრამ გული მწყდება, რომ ჩემი შვილის ტოლები არ მიშვებენ, რათა მიცვალებულის სულებს პატივი მივაგო“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

კიდევ ერთი მოქალაქის თქმით, მას მემორიალთან ყვავილების მიტანა სურდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

„9 აპრილს დაღუპული ადამიანებისთვის ყვავილის მიტანა მინდა და ვიღაც ლოთი მართმევს ყვავილს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან მოქალაქემ.

კიდევ ერთმა მოქალაქემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მას მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს და ქაშვეთის ტაძარს შეაფარა თავი.

„დღეს მე, როგორც ყოველ წელს, მოვედი, რათა პატივი მიმეგო 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისათვის, რადგან თვითონაც 9 აპრილის მონაწილე ვარ. მონაწილე ვარ საქართველოში ყველა ომის და ეს იყო ჩემი ერთგვარი ჟესტი, რათა კიდევ ერთხელ გამეხსენებინა ადამიანები, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებას შესწირეს სიცოცხლე, მაგრამ მოხდა სამწუხარო ფაქტი – ბავშვებმა ალბათ გაუთვითცნობიერებლად ამიკრძალეს მისვლა იმ ადგილზე, სადაც მრავალი წლის წინ ვაპროტესტებდი უკანონობას, საქართველოს თავისუფლების აღკვეთას და იძულებული გავხდი, ისევე როგორც მრავალი წლის წინ, ქაშვეთისთვის შემეფარებინა თავი“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ამასთან, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს 9 აპრილის მონაწილეს, აფხაზეთის ომის ვეტერანს, ზაირა მიქატაძეს.

„თქვენ თუ 9 აპრილელებს სცემთ პატივს, გეუბნებით, რომ 9 აპრილის მონაწილე ვარ. რა შუაშია რუსეთი, გეუბნებით, რომ 9 აპრილის მონაწილე ვარ“, – მიმართა ზაირა მიქატაძემ შეკრებილებს.

ზაირა მიქატაძეს აქციის მონაწილეებმა ჰკითხეს, ვინ დაიწყო ომი, რაზეც მიქატაძემ უპასუხა: „ვინ დაიწყო და რუსეთმა“.

აღნიშნულთან დაკავშირებით ზაირა მიქატაძემ სოციალურ ქსელში პოსტიც დაწერა:

„სულ ეს არის ამათი აქცია დღეს. არ მიმიშვეს მემორიალთან. მოახერხეს და გამომიყვანეს წყობიდან. ორასი კაცის ფშვიტინზე არ გაივლის საქართველო“, –  წერს ზაირა მიქატაძე.