რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქვეყნის მასშტაბით გზებზე კვლავ შეზღუდვებია

ბჯ

 რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქვეყნის მასშტაბით გზებზე კვლავ შეზღუდვებია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ფარავნის უღელტეხილზე, კოდა-სოფ.ალგეთის მონაკვეთზე კი შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია ბათუმი-ახალციხის გზის პაქსაძეების ხიდისა და უტყისუბანს შორის არსებულ მონაკვეთზე.

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე. ანალოგიური შეზღუდვა მოქმედებს ახალსოფელი-ბორითის სატრანსპორტო კვანძებთან.

რამდენიმე საათიანი დაშვების შემდეგ გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ამის მიზეზად საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქარბუქსა და შეზღუდულ ხილვადობას ასახელებს. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში განხორციელდება.