როცა ფასი „99“-ით სრულდება - როგორ ზემოქმედებენ გაყიდვების დროს ჩვენზე, რომ რაც შეიძლება მეტი დავხარჯოთ

ფასები

გაყიდვების სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ფასები 99-ით ბოლოვდება, ათწლეულებს ითვლის და დღემდე პოპულარულია, რადგან თითქმის ყოველთვის ამართლებს. თუმცა, „ცხრიანები“ ერთადერთი მარკეტინგული ხრიკი არაა. კომპანიები მრავალ ხრიკს იყენებენ იმისთვის, რომ მომხმარებლებმა უფრო მეტი დახარჯონ და მომავალშიც უფრო ხშირად ესტუმრონ მათ ობიექტებს.

 

ხრიკები, რომლებსაც მოვაჭრეები ფასების მითითების დროს იყენებენ, აუცილებლად გასათვალისწინებელია. როგორც ფინანსური ექსპერტი, სტეისი ჯონსონი ამბობს, „შეიძლება იარლიყზე ცენტებს არ აქცევ ყურადღებას, მაგრამ გამყიდველი მნიშვნელობას ანიჭებს მას“.

 

როცა ფასი „99“-ით სრულდება

ფასი, რომელიც 9-ით სრულდება, იმაზე უფრო იაფს აჩენს პროდუქტს, ვიდრე სინამდვილეშია. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ტანსაცმლის მაღაზიაში 1-ცენტიანმა განსხვავებამ დიდი ეფექტი იქონია გაყიდვებზე. ის პროდუქტები, რომელთა ფასი „99“-ით ბოლოვდებოდა, უფრო მეტად იყიდებოდა, ვიდრე „00“-ით დამთავრებული.

მაგალითად, 299 000 ლარის ღირებულების სახლები უფრო სწრაფად იყიდება, ვიდრე 300 000 ლარის. თუ სახლს 250-300 ათასი ლარის შუალედში ეძებთ, 299-ათასი მაქსიმალური ზღვრის ქვემოთაა, რაც თქვენს კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.


„დამრგვალებული ფასი“


პროდუქტი, რომლის ფასიც „დამრგვალებულია“ და თეთრები არ აქვს მითითებული, ჩათვალეთ, გზავნილია სავაჭრო ობიექტის ან რესტორნის მხრიდან. ობექტი „გეუბნებათ“, რომ  ძვირად ღირებულ ობიექტს ესტუმრეთ და  თუ ხურდებზე ფიქრობთ, აქ თქვენი ადგილი არაა.

 

ფასი, რომელსაც არა აქვს მითითებული ვალუტა

რესტორნები მენიუში ფასების გასწვრივ ხშირად განზრახ არ უთითებენ ვალუტის განმსაზღვრელ ნიშანს, რითაც მომხმარებელს უბიძგებენ, დახარჯონ მეტი. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, სტუმრებმა, რომლებსაც დოლარის ნიშნის გარეშე, მხოლოდ რიცხვებიანი მენიუ ჰქონდათ, შესამჩნევად მეტი დახარჯეს, ვიდრე მათ, რომელთა მენიუზე ფასი სიტყვიერად იყო მითითებული ან დოლარის ნიშანი ეხატა.

ამავე ტაქტიკას საცალო მოვაჭრეებიც იყენებენ ხოლმე. როცა ნივთზე აწერია, მაგალითად „20“ და არ აქვს მითითებული ვალუტის სიმბოლო, მოვაჭრეები ფიქრობენ, რომ რიცხვს მომხმარებლები ფულს არ დაუკავშირებენ, მშვიდად განაგრძობენ ვაჭრობას და მუდმივად დანახარჯების თვლაში არ იქნებიან.

თუმცა, ისიცაა, რომ ფასდაკლების დროს, დამრგვალებული ფასები საშუალებას აძლევს მყიდველებს, სწრაფად შეადარონ ძველი და ახალი ფასი ერთმანეთს და დათვალონ, რამდენს ზოგავენ. უფრო ადვილია გამოიანგარიშო, როგორი ფასდაკლებაა პროდუქტზე, რომელიც 100 ლარიდან 70 ლარამდე ჩამოვიდა, ვიდრე იმ პროდუქტზე, რომელიც 99.99 ღირდა და 69.99 ლარი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში ერთნაირ თანხას ზოგავენ. ამის გამო, მომხმარებლები უფრო ხშირად ისეთ პროდუქტს ირჩევენ, რომლის ფასის გამოთვლა უფრო მარტივია.

„უფასო“ პროდუქტი


მოვაჭრეებმა იციან, რომ „უფასო“ მაგიური სიტყვაა. ამიტომ, „იყიდე ერთი და მიიღე მეორე უფასოდ“ ისეთ პროდუქტს გვაყიდვინებს, რომელსაც სხვა დროს არ შევიძენდით. ეს ონლაინ ვაჭრობაზეც ვრცელდება. უფრო ზუსტად, იმ შემთხვევებზე, როცა უფასო ტრანსპორტირებას გარკვეული თანხის დახარჯვის შემდეგ გვთავაზობენ. ასეთ დროს, უმეტესად, კალათას უსარგებლო ნივთებით ვავსებთ, არადა, შეიძლება ერთი პროდუქტი და მისი ტრანსპორტირების ღირებულება უფრო იაფი გამოსულიყო.

 

წყარო