პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე კომენტარს აკეთებს და განმარტავს, რომ ამ დემოგრაფიული მონაცემების შემდეგ ცხადზე ცხადი გახდა, თუ რას გადაარჩინა ქვეყანა ხელისუფლებამ დღეს ამ დაუნდობელ ომში ჩაურთველობით, გადაარჩინა არა მარტო ქართული, არამედ, აფხაზური და ოსური გენოფონდიც, რომელთა მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა.
„გარდა სტატისტიკის მონაცემებისა, ჩვენ გვაქვს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დემოგრაფიული მაჩვენებლებიც, სადაც კიდევ უფრო მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაა. ჩვენ გვტკივა როგორც ქართული, ასევე აფხაზურ-ოსური გენოფონდის მომავალიც.
ამ დემოგრაფიული მაჩვენებლების ფონზე კიდევ რომ ვინმე ომისკენ წააქეზებს ქვეყანას, ის მტერია ჩვენი და უნდა მოიკვეთოს. წარმოუდგენია ვინმეს, როგორი სტატისტიკური მონაცემები გვექნებოდა ამ გამანადგურებელი ომის შემდეგ ჩვენც და ჩვენს ძმებს, აფხაზებსა და ოსებს? აღარაფერს ვამბობ დანგრეულ ქვეყანაზე. ეს ციფრები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება გონიერება და სიმტკიცე გადაწყვეტილებებში, რაც უდავოდ აქვს.
დღეს სერიოზული შემოტევების მიუხედავად, ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი გარანტირებულია. რაც შეეხება უშუალოდ სტატისტიკის მონაცემებს, მოსახლეობის კლების ყველაზე დიდი მიზეზი არის კოვიდპანდემია, შემდეგ კი ის, რაზედაც არაერთხელ გვისაუბრია საჯაროდ - საქართველო შევიდა შობადობის გარდაუვალი კლების პერიოდში და ეს გამოწვეულია 90-იანი და 2000-იანი წლების მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობიდან, რომელზედაც არავინ იზრუნა ჩვენამდე.
მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები ნეგატიურია, ჩვენ იმედით ვაგრძელებთ მუშაობას დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელების პროცესში, რადგან ბევრად უფრო ნეგატიური იქნებოდა ეს მონაცემები, რომ არა ჩვენი 8-წლიანი დაუღალავი შრომა. ამჟამად, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ამზადებს საქართველოში განხორციელებული დემოგრაფიული პროგრამის სრულ ანალიზს და ამაზე დაყრდნობით შევიმუშავებთ ახალ ინიციატივებს. ჩვენ სრულ კომუნიკაციაში ვართ საქართველოს პრემიერთან, მთავრობასთან და პარლამენტის კომიტეტებთან და მალე შემოგთავაზებთ ამ მხრივ სიახლეს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.