რომელ წმინდანს რა უნდა ვთხოვოთ - მოძღვრის განმარტება

ლოცვა

პარაკლისი თხოვნის შემცველი ლოცვაა, რომელიც ჩვენს ტაძრებში ძალიან ხშირად აღევლინება. როდის რომელიწმინდანის სახელზე უნდა ჩაატაროთ პარაკლისი და რა დანიშნულება აქვს მას.

საუბრობს  მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):

- რას ნიშნავს და რა დანიშნულება აქვს პარაკლისს?

- მორწმუნე ქრისტიანი უფალს ავედრებს საკუთარ თავს, განსაცდელის ჟამს სთხოვს შეწევნას ან გზის ჩვენებას. ყველაზე უპირველესი იყო ღმრთისმშობლის პარაკლისი, რომელსაც სამადლობლად კითხულობდნენ წმინდა მამები. მთელი გული თუ არ იდება ლოცვაში, შეუძლებელია ტექსტმა ჩვენი ცხოვრება შეცვალოს. პარაკლისმა შინაგანად უნდა შეგვცვალოს.

- რომელ წმინდანს რა დანიშნულებისთვის ევედრებიან?

- ნებისმიერ წმინდანს შეგვიძლია შევავედროთ ჩვენი სული, ჩვენი ოჯახი, ჩვენი ახლობლები, თუმცა არის ისეთი წმინდანები, რომელთაც განსაკუთრებით მოახერხეს ამა თუ იმ მანკიერებასთან გამკლავება. ამიტომაც,ოჯახის უბედურების ჟამს და ამპარტავნების სენის განკურნებისათვის, რაც ანგრევს მთლიანად ოჯახის სიწმინდეს, იმ ხაფანგების ასარიდებლად, რაც ეშმაკმა დაგვიგო, ყოვლდწმინდა სამების პარაკლისს აღვავლენთ. მსგავსად სახარებისეული სიტყვებისა: "ითხოვდით და მოგეცეთ", "ეძიებდით და ჰპოვოთ", "ირეკდით და განგეღოთ". სასუფევლის კარები ასეთი ლოცვის წკაურნით იღება. თუ ვინმეს სისუსტე აქვს და მიდრეკილება მეძავობისკენ, განსაკუთრებით მარიამ ეგვიპტელს შეავედრებენ თავს, რათა მძლეველმა ამ ცოდვისა მხნედ გამოგვაჩინოს.

- ბავშვებისთვის რომელ წმინდაზე ტარდება პარაკლისები?

- ნებისმიერი წმინდანი შეგვეწევა ამ საქმეში, კარგი იქნება წმინდა სპირიდონის პარაკლისი წავიკითხოთ კვირაში ერთხელ ხუთშაბათობით.

- ოჯახის კეთილდღეობისთვის და ჯანმრთელობისთვიაც არსებობს პარაკლისები?

- კურთხევანში საგანგებო ადგილი ეთმობა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის პარაკლისს, რომელსაც სხვაგვარი კვალიფიკაციაც მიანიჭა ეკლესიამ: "ჯანმრთელობის პარაკლისი'' - სულიერი და სხეულებრივი ჯანმრთელობა ადამიანს სჭირდება ღვაწლის მოსამუშაკებლად. ლოცვისას ვითხოვთ "იყოს ნება შენი'', თუ ჩვენს სხეულს სჭირდება კურნება, უფალი არ დააყოვნებს და გამოგვაჯანმრთელებს, ჩვენ კი ამისთვის ლოცვა უნდა გავაძლიეროთ. სულიერ კურნებაზე უდიდესი ბედნიერება ცისქვეშეთში არ არსებობს.

- თუ ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს მაშინ როგორ შეიძლება პარაკლისზე დასწრება?

- შეუძლია სასულიერო პირს სთხოვოს და სახლში გადაუხადოს ან ტაძარში სახელი გააგზავნოს და მოიხსენიებენ.

- თუკი ადამიანი არ არის ეკლესიური და მაზიარებელი, მას შეუძლია დაესწროს პარაკლისს?

- თავისთავად პარაკლისი არ არის "მაგიური ჯოხი'', ადამიანი შინაგანად უნდა იწვოდეს უფალთან სასაუბროდ, მასთან შესახვედრად. ჩვენი ნებით თუ მოვიკვეთეთ უფალი, მას შორიდან ვერ "მივაწვდენთ'' ხმას. ქრისტიანული ცხოვრების შედეგია პარაკლისის სასწაულებრივი ქმედება, ადამიანის განახლება და ჭეშმარიტი სიცოცხლის ტალღაში შეყვანა. უმჯობესია აღსარებით დაიწყოს ცხოვრება და მოძღვრის კურთხევით შეუდგეს ლოცვით საქმიანობას.

- თუ ყოფილა შემთხვევა როცა პარაკლისზე დასწრებით ადამიანს შედეგი მიეღოს? რა შემთხვევაში არ შეიძლება შეისმენოს ჩვენი ლოცვა- ვედრება?

- გარეგნულ შედეგზე ორიენტირებული არასდროს არ უნდა იყოს ლოცვა, უფალს მივანდოთ და ის არაფერს დაგვაკლებს. ჩვენი ძიება სასუფევლისკენ მივმართოთ "ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ'' (მთ. 6. 33). ვინც ეძებს სასუფეველს, ყველაზე შესანიშნავ შედეგს მიიღებს, ხოლო ვინც ამქევყნად ეძიებს, უფალი ბრძანებს "მას მიუღებიეს'' ქრისტიანებს კი აქვე არ გვაწყობს. ჩვენი მიზანი სასუფეველია, მარადიული სიცოცხლე.

- პარაკლისის ჩატარების შემდეგ ზეთისცხება სრულდება, ამას რა დატვირთვა აქვს?

- ზეთი სულიერ განახლებას, სულიერ კურნებასა და სასუფევლით ტკბობას განასახიერებს.