რას მოუტანს 17 აპრილის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის პროგნოზი
1776285706
სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სავალდებულოა, საქართველოს ყველა მოქალაქე და ქვეყანაში მცხოვრები უცხოელი (საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი) რეგისტრირებული იყოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამის შესახებ ვრცელი ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
მისამართზე რეგისტრაცია უფასოა.
როგორ ხდება არასრულწლოვანის მისამართზე რეგისტრაცია:
ახალშობილი საქართველოს მოქალაქის დაბადების რეგისტრაციისას ხორციელდება მისი მისამართზე რეგისტრაცია ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
14 წლის ასაკს მიღწეული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება აღნიშნული პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი პირი რეგისტრირდება მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მისამართისგან განსხვავებულ მისამართზე, აუცილებელია ერთ-ერთი მშობლის თანხმობისა და მისამართზე რეგისტრაციის საფუძვლის წარმოდგენა.
სრულწლოვანი პირის მისამართზე რეგისტრაცია:
საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან, გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვთ – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან, ხოლო თუსაქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება – ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 1 თვეში გაიაროს მისამართზე რეგისტრაცია.
რეგისტრაციისათვის (მათ შორის, თუ მისამართზე რეგისტრაცია ხორციელდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან ერთად) საქართველოს მოქალაქემ და საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირმა უნდა მიმართონ სააგენტოს იმ ტერიტორიულ სამსახურს,რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება საცხოვრებელი მისამართი.დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე პირს შეუძლია, მისამართზე რეგისტრაციისათვის მიმართოს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს.
პირის, რომელიც პირველად გადის რეგისტრაციას, ასევე, მესაკუთრის ოჯახის წევრის და რეგისტრაციიდან მოხსნილი პირის მისამართზე რეგისტრაცია ხდება 5 კალენდარული დღის ვადაში, სხვა შემთხვევაში პირის მისამართზე რეგისტრაცია ხორციელდება 1 თვის ვადაში.
იმ შემთხვევაში, თუ მისამართზე რეგისტრაცია მოთხოვნილია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან ერთად, მისამართზე რეგისტრაცია ხორციელდება დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
მისამართზე რეგისტრაციისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია:
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისამართზე რეგისტრაციისთვის პირმა უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციისთვის აუცილებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი – თუკი პირი თავად არის მესაკუთრე;
საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა;
დასარეგისტრირებელი პირის ბოლო სამი თვის განმავლობაში კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის თაობაზე ორი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის წერილობითი დასტური, რომელიც გამოხატული უნდა იქნეს განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი თანამშრომლისწინაშე.
სრულწლოვანი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება მისი ან წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
როგორ უნდა გადამოწმდეს მისამართზე რეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაცია
საცხოვრისის მესაკუთრეს უფლება აქვს მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვოს თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრისის მისამართზე რეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაცია. განცხადებას თან უნდა ერთოდეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვოს ცნობა კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ. ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირი მიიღებს მხოლოდ რეგისტრირებული პირების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას, რეგისტრირებულ პირთა პერსონალური მონაცემების მითითების გარეშე.