1747684516
„როგორ შვენოდა ჩვენს ქალაქს, ქვეყანას...“ - მანანა გედევანიშვილი გარდაიცვალა

მანანა გედევანიშვილი გარდაიცვალა, ინფორმაციას ამის შესახებ ზურა შევარდნაძე ავრცელებს და ემოციური პოსტით ემშვიდობება.
„როგორ შვენოდა ჩვენს ქალაქს, ქვეყანას ქალბატონი მანანა გედევანიშვილი... როგორი თბილი, მოსიყვარულე, გემოვნებიანი, გონიერი და ადამიანური იყავით. იცოდით არაჩვეულებრივი, გულითადი მასპინძლობა, თქვენს ლამაზ, ისტორიებით და მოგონებებით სავსე სახლში. უცხო, უცხოტომელ ადამიანზე რომელმაც პირველად გნახათ ისეთ შთაბეჭდილებას მოახდენდით დიდხანს თქვენზე ლაპარაკობდნენ.
არავინ არ ვიცი ვისაც თქვენსავით ეცვა, ეხურა, ებურა, თქვენსავით მეტყველებდა ან აზროვნებდა. მძიმედ ავადმყოფიც, ლოგინში მწოლიარე ისეთი ლამაზი სანახავი იყავით, ბევრი თეთრი ბალიშით, უზარმაზარ საწოლში დედოფალს ჰგავდით, არასდროს დამავიწყდება. მადლობის თქმა და მადლიერების გამოხატვაც თქვენეული, სხვანაირი იცოდით.
ძალიან მიყვარდით და სანამ ვიქნები სულ მადლიერი ვიქნები თქვეგან მიღებული სითბოსთვის, სიყვარულისთვის, ცოდნისთვის, კრიტიკისთვის, უამრავი დადებითი და დაუვიწყარი ემოციისთვის. მშვიდობით, ლამაზო ქალბატონო მანანა“,- წერს ზურა შევარდნაძე.
მანანა გედევანიშვილი - ცნობილი ფიზიოლოგის, აკადემიკოს დიმიტირი გედევანიშვილისა და ქართული კინოს ვარსკვლავის, თამარ ციციშვილის ქალიშვილი იყო.
მანანა დეგევანიშვილი ქიაჩელზე, მიხეილ გედევანიშვილის სახლში ცხოვრობდა, რომელიც 2003 წელს მემორიალურ მუზეუმად გადაკეთდა, თან საცხოვრებელი სახლის ფუნქციასაც ითავსებს - ხშირად მასპინძლობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ დამთვალიერებელს.
სწორედ ამ სახლ-მუზეუმში ინახებოდა პირველი რენტგენის აპარატი, რომელიც მისმა ბაბუამ ჩამოიტანა საქართველოში.
„როდესაც საავადმყოფო წაგვართვეს, მამამ ყველა ნივთი შინ ამოიტანა. როგორც მაშინ დადგეს ნივთები, ახლაც ისეა. ამ ყველაფერს ბავშობიდან ვუყურებ და ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია... მუზეუმს ერთადერთი თანამშრომელი ჰყავს - ეს მე გახლავართ.
ამ სახლში ერთ დროს უამრავი ადამიანი ცხოვრობდა. პაპას - სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდა. შალვა, ცნობილი რეჟისორი გახლდათ, მამაჩემი, დიმიტრი გედევანიშვილი, მეცნიერი, ფიზიოლოგი იყო. მისი ნაშრომები და აღმოჩენები მეცნიერების ოქროს ფონდშია შესული. მესამე შვილი, კოტე, 21 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ქალიშვილი, ქეთო, 17 წლისა ჭლექით დაავადდა და 30 წლისა გარდაიცვალა. შთამომავლები მხოლოდ შალვას და მამას დარჩა. ჩემი ერთ-ერთი ბიძაშვილი გარდაცვლილია, მეორე - საბერძნეთში ცხოვრობს. მე და ჩემი ძმა სამედიცინო განხრით წავედით. 30 წელი ლექციებს ვკითხულობდი უნივერსიტეტში“,- ამბობდა მანანა გედევანიშვილი თორნიკე ყაჯრიშვილთან ინტერვიუში.