როგორ შევამციროთ კიბოს რისკი - ახალი კვლევა

კიბოს სიმპტომები

ახალი კვლევის თანახმად, იოგურტის ჭამა შეიძლება გარკვეული ტიპის კიბოების რისკს ამცირებდეს, განსაკუთრებით კი მსხვილი ნაწლავის (კოლორექტალური) კიბოს.

55 წელს ქვემოთ ადამიანებში ნაწლავის კიბოს ახალ შემთხვევათა რაოდენობა ბოლო წლებში გლობალურად გაორმაგდა, დიაგნოზი თითქმის 20 პროცენტით გაიზარდა. შესაბამისად, მრავალ ადამიანს აინტერესებს, როგორ შეიძლება ამ კიბოს რისკის შემცირება.

ახალი მტკიცებულება მიუთითებს, რომ იოგურტის რეგულარული მოხმარებას შეიძლება დამცავი ეფექტი ჰქონდეს მსხვილი ნაწლავის კიბოს გარკვეული აგრესიული ფორმების წინააღმდეგ; ამას იოგურტი ახერხებს ნაწლავის მიკრობიომის, ანუ იქ ბინადარი ბუნებრივი ბაქტერიების მოდიფიცირების გზით.

ნაწლავის მიკრობიომი სასიცოცხლო როლს ასრულებს ზოგად ჯანმრთელობაში, გავლენას ახდენს მონელებაზე, იმუნურ ფუნქციაზე და კიბოს რისკზეც კი. ნაწლავის ბაქტერიები შეიძლება თავად კიბოშიც ბინადრობდნენ. ზოგადად მიჩნეულია, რომ ამ ბაქტერიების ჯანსაღი ბალანსი გადამწყვეტია ძლიერი იმუნური სისტემის შესანარჩუნებლად და ანთების პრევენციისათვის, რასაც შეიძლება წვლილი შეჰქონდეს კიბოს განვითარებაში.

იოგურტი სასარგებლო ბაქტერიების ცოცხალ კულტურებს შეიცავს, მაგალითად, lactobacillus bulgaricus-ი და streptococcus thermophilus-ი, რომლებსაც ამ ბალანსის შენარჩუნება შეუძლიათ.

კვლევამ დაადგინა, რომ კვირაში ორი ან მეტი პორცია იოგურტის მოხმარება დაკავშირებულია მსხვილი ნაწლავის აგრესიული კიბოს კონკრეტული ტიპის რისკის შემცირებასთან. ეს კიბო ჩნდება კოლინჯის (მსხვილი ნაწლავის ძირითადი განყოფილება) მარჯვენა მხარეს და დაკავშირებულია გადარჩენის უფრო დაბალ შანსთან, ვიდრე მარცხენა მხარეს წარმოქმნილი კიბოების შემთხვევაში.

ჯგუფმა შეისწავლა 150 000-ზე მეტი მონაწილის რამდენიმე ათწლეულიანი მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ იოგურტის გრძელვადიანი მოხმარება შეიძლება ნაწლავის მიკრობიომს ისე ცვლიდეს, რომ გარკვეული ტიპის კიბოებისგან გვიცავდეს.

მკვლევრები მონაწილეებს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ კითხავდნენ იოგურტის მოხმარების შესახებ და ზომავდნენ ბიფიდობაქტერიის რაოდენობას (იოგურტში არსებული ბაქტერიის ტიპი) სიმსივნურ ქსოვილში იმ 3079 ადამიანის ნიმუშში, რომლებსაც მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი ჰქონდათ.

მიუხედავად იმისა, რომ იოგურტი პირდაპირ არ ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს ყველა ტიპის რისკს, მათ, ვინც კვირაში ორ ან მეტ პორცია იოგურტს ჭამდა, ნაკლები ჰქონდა „ბიფიდობაქტერია-დადებითი პროქსიმალური მსხვილი ნაწლავის კიბოს“ განვითარების რისკი — კიბოს ტიპი, რომელიც კოლინჯის მარჯვენა მხარეს ჩნდება და ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადარჩენის მაჩვენებელი აქვს. ახალი კვლევა ეფუძნება და ადასტურებს წინა კვლევებს, რომლებმაც ასეთივე შედეგები აჩვენა.

განაგრძეთ კითხვა: