ვერც ამომრჩევლის და ვერც იქ მყოფი უფლებამოსილი პირების მხრიდან, ვერასდროს მოხდება იმის იდენტიფიცირება, ვის მისცა ხმა კონკრეტულმა ამომრჩეველმა - გიორგი კალანდარიშვილი

კალანდარიშვილი

ზოგადად, რა თქმა უნდა, ხმის ფარულობა არის, თუმცა სამწუხაროდ, სხვადასხვა დაინტერესებულმა პირმა ეს საკითხი სპეკულაციურად წარმოაჩინა იმდაგვარად, თითქოს ხმის ფარულობა ირღვეოდა, ირღვეოდა პრინციპი და ირღვეოდა ფარულობის კომპონენტი, რაც გასული წლიდან დღევანდელ დღემდე ფაქტობრივად, შლეიფად მოჰყვება საარჩევნო გარემოს, – ასე უპასუხა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა გამოწვევები არსებობს ხმის ფარულობასთან დაკავშირებით, რაც კამათის საგანი გახდა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ბუნებრივია, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ინსტიტუციამ, რა თქმა უნდა, მივიღეთ ზომები იმისთვის, რომ ეს საკითხი კვლავაც არ გახდეს საკამათო და არ დარჩეს სპეკულაციებისთვის, რასთან დაკავშირებითაც გვაქვს გადაწყვეტილება. მინდა, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რატომ არ შეიძლება, ჩაითვალოს გასული წლის შემთხვევა ფარულობის დარღვევად. ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილი გვექნება ხმის მთვლელ აპარატებზე სპეციალური ქაღალდის საფარის დამაგრება, რომელიც ფაქტობრივად, არ ტოვებს მანძილს და სივრცეს, რომ თუ ამომრჩეველმა ჩარჩო ფორმაში არასწორად მოათავსა ბიულეტენი, ამასთანავე, თუ არის გამოჟონვის კვალი, ასეთ შემთხვევაში ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსების პროცესში ფაქტობრივად წარმოუდგენელია, რომ იდენტიფიცირება განხორციელდეს გამოჟონვის კვალის. ზოგიერთმა მათგანმა ასევე, კიდევ დამატებითი სპეკულაციები მოაყოლა ამ საკითხს, თითქოს, ჩვენ ამ ქმედებით ვაღიარეთ ის, რომ გასულ წელს ფარულობის დარღვევა რეალურად ხდებოდა, მაშინ, როდესაც ეს სიმართლეს არ შეესაბამება. იმიტომ, რომ ეს ქმედება განხორციელდა, რათა ზუსტად მასეთი სპეკულაციებისგან დავიცვათ საარჩევნო გარემო და ამომრჩეველი, ამომრჩეველს ჰქონდეს თავდაჯერებულობა იმისა, რომ მისი ხმა, საარჩევნო კაბინაში შესვლიდან, დასრულებული აპარატში ბიულეტენის მოთავსებით, არის ფარული“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამომრჩეველსა და ბიულეტენს შორის ბმა არ არსებობს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ვერც ამომრჩევლის მხრიდან და ვერც იქ მყოფი უფლებამოსილი პირების მხრიდან, ისევე, როგორც საარჩევნო კომისიის მხრიდან, ვერასდროს ვერ მოხდება იმის იდენტიფიცირება, თუ ვის მისცა ხმა კონკრეტულმა ამომრჩეველმა. მაგალითად, მე რომ თქვენ ახლა გკითხოთ, ვის მიეცით ხმა, რა თქმა უნდა, არ მიპასუხებთ, მაგრამ ვთქვათ, ხმა მიეცით X სუბიექტს, თქვენ ამ საკითხს ვერასდროს ვერ დამიმტკიცებთ, რადგან ბმა ამომრჩეველსა და ბიულეტენს შორის არ არსებობს, როგორც მაგალითად, ეს არსებობს საპრეზიდენტო არჩევნებისას, როდესაც საარჩევნო კოლეგისთვის განკუთვნილი ბიულეტენები არის პერსონიფიცირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ სამასივე წევრისთვის განსაზღვრულია ბიულეტენი და ყველამ იცის, კონკრეტულმა კოლეგიის წევრმა ვის მისცა ხმა. საპარლამენტო თუ თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაში ეს ასე არ არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძო, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ჩვენ უზრუნველყოფილი გვქონდა ჩარჩო ფორმის გამოყენება. ეს არის ჩარჩო ფორმა, რომელიც სხვათა შორის, აშშ-ში, რამდენიმე შტატში, სადაც იდენტური ფორმით ხორციელდება არჩევნების ჩატარება, საერთოდ არ იყენებენ და კაბინიდან როდესაც გამოაქვს ამომრჩეველს ბიულეტენი, მარტივად დანახვადია, თუ ვის მისცა ხმა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.