როგორ პარავენ დამსაქმებლები თანამშრომლებს ხელფასს - კვლევა

ხელფასი

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ღირსეული შრომის პლატფორმამ“, საქართველოში მოპარული ხელფასის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყანაში მოპარული ხელფასის უკანონო პრაქტიკას და მასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიას აფასებს.

ანგარიშის თანახმად, დასაქმებულთა 88%-ს მოპარული ხელფასის გამო კუთვნილი შრომის ანაზღაურება სახლში სრულად ვერ მიაქვთ, მშრომელთა მოპარული ხელფასის საერთო ოდენობა კი დაახლოებით 25 მილიონს ლარს უტოლდება.

ანგარიში ეფუძნება პლატფორმის, მოპარული ხელფასის გამომთვლელის მონაცემებს, რომელიც 2021 წლის 10 დეკემბრიდან 2022 წლის 20 ივნისის ჩათვლით 3167-მა დასაქმებულმა შეავსო. გამომთვლელის მონაცემების თანახმად, 2,789 დასაქმებული (მომხმარებელთა 88%) სამუშაო ადგილზე მინიმუმ ერთი ფორმის ხელფასის მოპარვის მსხვერპლი მაინც გამხდარა. მშრომელთათვის მოპარული ხელფასის შედეგად მიყენებული ეკონომიკური ზიანი წლიურად 25,585,074 ლარს, ხოლო ერთ დასაქმებულზე წლიურად საშუალოდ 8,079 ლარს უტოლდება. მოპარული ხელფასი წარმოადგენს შრომითი კანონმდებლობის დარღვევას, რა დროსაც დამსაქმებელი დასაქმებულს არ უხდის (პარავს) მის კუთვნილ შრომის ანაზღაურებას, რაც შრომის კანონმდებლობის სხვადასხვა სახის დარღვევაში გამოიხატება, მაგალითად აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, ხელფასის უკანონო დაქვითვა, ანაზღაურებადი შვებულების არანაზღაურება და ა.შ.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში მოპარული ხელფასის ყველაზე გავრცელებული ფორმა არასამუშაო დროს მუშაობაა, რომელიც სამუშაო მოვალეობების ისეთ დროს შესრულებას მოიცავს, რომელსაც დასაქმებულებს ანაზღაურებად სამუშაო დროში არ უთვლიან. დასაქმებულთა 75.5% მიუთითებდა დამატებითი ანაზღაურების გარეშე არასამუშაო დროს მუშაობაზე.

ასევე, ხელფასის მოპარვის გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს ზეგანაკვეთური შრომის არანაზღაურება.