როდის და როგორ შეგვიძლია დაგროვებითი პენსიის გამოყენება - ვის შეუძლია თანხა პენსიაზე გასვლამდე აიღოს​

თანხა

როდიდან შეგვიძლია საპენსიო დანაზოგის აღება და რა პრინციპით ავიღებთ ამ თანხას. ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს "რუსთავი 2-ის" ეთერში იურისტი თამარ კერძაია პასუხობს.

„იმ დროს, როცა ჩვენ საპენსიო ასაკის გავხდებით, იმის მიხედვით, იმ პერიოდში საპენსიო ასაკი რამდენი წელი იქნება და რა თანხაც გვექნება დაგროვებული, ასაღები პენსიის რაოდენობაც ამის მიხედვით განისაზღვრება. მაგალითად, პირობითად, თუ დაგროვებული გვექნება 100 000 ლარი, ეს თანხა გაიყოფა იმ წელთა რაოდენობაზე, რაც მაშინ ჩათვლილი იქნება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობად. თუკი იქნება მიჩნეული, რომ 75 წელს ცხოვრობს საშუალოდ ადამიანი, მაშინ, პირობითად, თუკი 65 წლის ასაკში გადიხართ პენსიაში, ეს 100 000 გაიყოფა 10 წელზე, და შემდეგ წლები 12 თვეზე. და ამ თანხას ავიღებთ უკვე ყოველთვიურად 10 წლის განმავლობაში.

გამონაკლისი შემთხვევები არსებობს, თუ პირი საპენსიო ასაკის მიღწევამდე გარდაიცვლება, ასეთ შემთხვევაში თანხას მისი მემკვიდრეები მიიღებენ. მეორე გამონაკლისი კი არის, თუ პირი შეზღუდული შესაძლებლობის გახდება, პენსიის გამოყენებას შეძლებს საპენსიო ასაკის მიღწევამდე" - განაცხადა კერძაიამ.