„როდესაც წყვილში ერთ-ერთი ნარცისია, მას სხვისი შეყვარება არ შეუძლია... ის თავის მსხვერპლს ხშირად დასცინის და ამცირებს" - ფსიქოთერაპევტი, მანანა სოლოღაშვილი

მანანა სოლოღაშვილი

ტოქსიკური ურთიერთობა ადამიანის ფსიქიკას ანგრევს და აზიანებს, მაგრამ მისი გაწყვეტა მაინც რთულია. როგორ დავიცვათ თავი ამგვარი ურთიერთობისგან? – ამ შეკითხვაზე ფსიქოთერაპევტი მანანა სოლოღაშვილი „კვირის პალიტრას“ პასუხობს.

„ნარცისი თავის მსხვერპლს ხშირად დასცინის და ამცირებს, მაგრამ თუ მსხვერპლი მისგან გაქცევას და თავის დახსნას მოინდომებს, ნარცისს ძალიან ცუდი რეაქციები აქვს. ტოქსიკური ურთიერთობა ყალიბდება მაშინაც თუ ერთ-ერთი, ან ორივე მეწყვილე ურთიერთობისთვის მზად არ არის, დიდ როლს ასრულებს ბავშვობის
ტრავმებიც. ხშირ შემთხვევაში, ერთ-ერთი მეწყვილე უსიყვარულო გარემოშია გაზრდილი. ასეთი პარტნიორები ხშირად ქმნიან ტოქსიკურ გარემოს, მათ ჰგონიათ, რომ არავინ შეიყვარებს, რადგან მეტისმეტად დაბალი თვითშეფასება აქვთ, შედეგად, არც პარტნიორს სცემენ პატივს. ტოქსიკური ურთიერთობის კიდევ ერთი ნიშანი არასტაბილურობაა: ტოქსიკური ადამიანი მეწყვილეს ხან ამცირებს, ზოგჯერ კი, უჩვეულოდ თბილად ექცევა და უმტკიცებს, რომ ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარს. სიბრაზის დროს კი, ფსიქოლოგიურ და ზოგჯერ, ფიზიკურ ძალადობაზეც გადადის. არის პერიოდები, როცა სიყვარულს ეფიცება, მაგრამ არის პერიოდები,
როცა მიწასთან ასწორებს.

როდესაც წყვილში ერთ-ერთი ნარცისია, რადგან ნარცისს სხვისი შეყვარება არ შეუძლია, მას ყველაზე მეტად საკუთარი თავი უყვარს. ასეთი ადამიანი ეგოცენტრულია და სასიყვარულო ურთიერთობაშიც თამაშობს.

საერთოდ, ნარცისები მუდმივად მოითხოვენ სხვებისგან ზრუნვას და თუ ნარცისი მამაკაცია, მისმა პარტნიორმა დედის როლი უნდა მოირგოს, რომ ეს ურთიერთობა შეინარჩუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ერთმანეთს მალე დაშორდებიან. აქვე გეტყვით, რომ ტოქსიკური ურთიერთობა უსიყვარულობას სულაც არ ნიშნავს, პირიქით, ასეთ წყვილს ხშირად ერთმანეთი უყვარს, მაგრამ ეს არაჯანსაღი მიჯაჭვულობაა, რომლის საფუძველზე სიყვარულის არაჯანსაღი გაგება ყალიბდება",- ამბობს მანანა სოლოღაშვილი.