პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა „ვისოლ ჯგუფმა“ იყიდა, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა, სოსო ფხაკაძემ დაუდასტურა.
როგორც სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს დეველოპერული საქმიანობა, კონკრეტულად კი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და სწორედ ამ მიზეზით შეისყიდა მაუწყებლის შენობა.
„ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია, ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია „კარფური“ და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა კარგი გამოცდილება უძრავი ქონების განვითარების კუთხით.
მიღებული გამოცდილების ბაზაზე, გარკვეული პერიოდის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ დეველოპერული საქმიანობა, კონკრეტულად კი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა. სწორედ ამ მიზეზით შევისყიდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა. ვაპირებთ, ვიმუშაოთ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, შევქნათ საინტერესო კონცეფცია და შესაბამისად აქ განვითარდეს საინტერესო, მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა“, – აცხადებს სოსო ფხაკაძე.
თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 65 100 000 ლარად გაიყიდა.
აუქციონზე გამოტანილი იყო 33 209 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 23 649 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობები. აუქციონში მონაწილეობის შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს მიმდინარე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, 12:00 საათამდე ჰქონდათ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა კი თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში განთავსდება. მშენებლობა დაიწყო 2020 წლის დეკემბერში და სრულდება 2023 წლის დეკემბერში.