რიკოთზე მსუბუქი მანქანებისთვის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა - დეტალურად

რიკოთი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეიდან, რიკოთზე მოძრაობა მსუბუქი ავტომობილებისთვის სპეციალური რეჟიმით აღდგა.

,,2023 წლის 13 აპრილიდან ყოველდღე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 114-კმ 194 (ახალსოფლის კვანძი - ზესტაფონი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი რეჟიმებით:

• მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების (მათ შორის 30 ადგილზე მეტი ტევადობის) მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;

• მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და  სატვირთო ავტომობილების (3500კგ>) მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;

• საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით."

ცნობისთვის, რიკოთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 12 აპრილს აღდგა.