სახლის გაძარცვის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე მიმართვას ავრცელებს
1733209852
შემოქმედმა შემქმნა, როგორც ღმერთი, ოღონდ შესაძლებლობით. მომცა წუთისოფელი, რომ გამომეცადა საკუთარი შესაძლებლობები, რადგან დავიჯერე, რომ უკვე ვარ ღმერთი. საბოლოოდ, ჩემი ყალბი ღმერთობის მითი უნდა დამემსხვრას, რომ უძღები შვილივით დავბრუნდე მამასთან, ვიპოვო ღმერთი და თავადაც გავხდე ღმერთი – ღვთის შვილი. ოღონდ ეს შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მივხვდები, რომ ყველა ჩემი ძალისხმევა ამაოა, – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) თბილისელებთან საუბრობს.
– ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ღმერთობა ეს არის მდგომარეობა, როდესაც საქმე არ გვექნება და თავზე დაგვაცვივდება ციური მანანა. სინამდვილეში, რას ნიშნავს ღმერთობა, ანუ სამოთხის მდგომარეობა და როგორ მიიღწევა ის?
– ჩვენ ვიქნებით, როგორც ღმერთი, ნიშნავს, რომ მშვიდობა ჩვენში იქნება. ანუ რაღაც გარემოებაში კი არ აღმოვჩნდებით მუქთად და საშრომი არ გვექნება – ეს არ არის ნეტარი მდგომარეობა, არამედ არის მდგომარეობა, როდესაც შენ თვითონ ხარ მშვიდობა. დააკვირდი იესოს სიტყვებს: არ ამბობს, რომ რაღაც აქვს; არ ამბობს, ვიცი ჭეშმარიტება ან მიგიყვან ჭეშმარიტებამდეო. იესო ამბობს: მე ვარ ჭეშმარიტება! არ ამბობს, მე მოგცემთ სიცოცხლესო. იესო ამბობს: მე ვარ სიცოცხლე! არ ამბობს, მე მაქვს ნათელიო. იესო ამბობს: მე ვარ ნათელი! იმიტომ რომ, რაც ხარ, იმას ვერავინ წაგართმევს, მაგრამ წაგართმევს იმას, რაც გაქვს. მაგალითად, წყალს ვერ წაართმევ სისველეს, ვინაიდან წყალი სისველეა. აი, რა მდგომარეობაა, როდესაც ჩვენ თვითონ ვხდებით სამოთხე, ჩვენ თვითონ ვხდებით ღმერთი და არაფერი გვჭირდება. იესოს არ აქვს რეგალიები: იმიტომ რომ ის ნამდვილი მეფეა. და მეფე ვინ არის? ვინც ნაკლებობას არ განიცდის. შენ თუ მიწიერი ხელმწიფე ხარ, რაც უნდა დიდი სამეფო გქონდეს, იცი, რომ არსებობს სხვა ტერიტორიებიც და გინდა, რომ მათაც ფლობდე. შესაბამისად, განგებამ დაუშვა, რომ წუთისოფელში, სადაც ღმერთის თანდასწრება არ არის, ადამიანს ბოლომდე მოესინჯა ყველაფერი, თავისი ყველა სურვილი გამოევლინა. აი, აქედან მართლდება ბოროტება, რომელსაც, სამაგიეროდ, უდიდესი სიკეთე მოაქვს. ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე დიდ ბოროტმოქმედსაც აქვს ასპარეზი, რომ თავისი ბოროტება გამოავლინოს სხვის მიმართ. ვისაც აწამებს და კლავს, ისიც იწმინდება, მაგრამ თვითონაც თავისუფლდება, რომ მიაღწია თავისას, ანუ ცარიელდება და გონს მოდის. ამიტომ, გარედან რაც ჩანს, სინამდვილეში ისე არ არის და ყველაფერი სიკეთეს ემსახურება. ბოროტება არის საშუალება, რომელიც ღმერთმა დროებით დაუშვა, რათა მის ერთობამდე ისევ მასთან ავსულიყავით. დიახ, ბოროტება საშუალებაა. და ჩვენც, ხომ, ვამართლებთ საშუალებას, რაც უნდა მძიმე და საწვალებელი იყოს, თუკი ის უფრო დიდ მიზნამდე მიგვიყვანს?! შეიძლება, სულ არ მომწონს, მაგრამ ვიცი, რომ საშუალებაა უფრო დიდის მისაღწევად და ვიყენებ. ამიტომ ამბობს პავლე მოციქული: ჩვენი ხანმოკლე, მცირე ტანჯვა არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც ჩვენ გამოგვეცხადებაო. ამიტომაც უშვებს განგება ამ ცოდვილობას – წუთისოფელს. ეს არარაობაა, უმცირესია, პატარა ბწკენასავითაა. ბავშვი ტირის, რომ ნემსი არ გაუკეთონ, მაგრამ მამამ იცის, რომ ეს წამიერი ბწკენა ბავშვს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს და შვილს ნემსს უკეთებს. შესაბამისად, ნულოვან, უშფოთველ მდგომარეობას ვაღწევთ პიროვნული მცდელობების შემდეგ, ამ დროს „ხალტურა“ გამორიცხულია. სხვათა შორის, სწორედ მათ, ვინც „ხალტურას“ მიმართავს, ანუ თავშივე შეფუთავს თავის თავს უშფოთველად – ეძახდნენ ფარისევლებს. მათ, რომლებიც გარედან უცბად ირგებენ თანამდებობას, რეგალიას, არადა ეს ყალბია და არ ჩაგეთვლება. ამდენადაა უფრო დაფასებული ის, ვინც შეცდომას უშვებს. იესოს მიმდევრები, რომლებიც სცოდავდნენ, ბოლოს მოდიოდნენ გონს და ყველაფრის მთქმელია, რომ ავაზაკი ცხონდა პირველი, ხოლო მღვდელმთავრები, ზნეობრივები, განათლებულები ქრისტეს ვერ უგებენ და ჯვარზე აკრავენ. ეს ხომ მარადიული დილემაა და არ არის ერთჯერადი მდგომარეობა?! დღესაც ასეა: ვინც ცდილობს, რომ ფეხი არ დაისველოს და კაბას ან შარვლის ტოტს იწევს, რომ მდინარე გადალახოს, ანუ ცდილობს, სწორი გზებით იაროს, საბოლოოდ, ჭეშმარიტების ძალიან დიდი მტერი ხდება. ხოლო ისინი, რომლებსაც, იმდენად უნდათ ჭეშმარიტებასთან მისვლა, რომ არაფერს დაგიდევენ, ყველა სიმაგრეს დაამსხვრევენ, ყველა აკრძალვას გადალახავენ, დიდ შეცდომებსაც უშვებენ და ძალიან ღრმა სიბნელეში ცვივდებიან, მაგრამ მათი ერთადერთი მოტივია, ოღონდ იმას მიაღწიონ, რისკენაც მიდიან.
ებრაელები გამოყოფენ ადამიანის ბუნების ორ უკიდურეს ასპექტს: „ხუცბასა“ და „ანავას“. „ანავა“ ყველაზე დიდი სიმდაბლე და მორჩილებაა, წყალივით ყველაფრის დამთმობი, მაგრამ იგივე წყალი იმავდროულად არის „ხუცბა“ – ყველაზე ჯიუტი; რაც უნდა შეზღუდო, მაინც გადავა კალაპოტს, ჯებირებს და თავისას მიაღწევს. „ხუცბა“ არის თავხედობა, ყველაფრის ჩამდენი მიზნის მისაღწევად. ღმერთი რას გეუბნება?! ყველაზე დიდი სინათლე ყველაზე დიდი ბოროტებითაა გადაფარული. შესაბამისად, ვისაც ცოდნა არ აქვს, უკან იხევს და არ მიეკარება, ხოლო, ვისაც ცოდნა აქვს, ყველაზე დიდი ბოროტებით გადაფარულის მიღმა უდიდეს სინათლეში შეაღწევს. ჩვენ ზედმეტად აზიზები და ზნეობრივები ვართ. შევქმენით ნორმები, ამიტომ შორიდან ვუვლით და არ ვეკარებით, ხოლო ნამდვილი მაძიებელი ქრისტესავით ამ ბოროტების შიგნით უფლის სულს ხედავს და ეხება ჭუჭყს. ყველაფერი გასაფცქვნელია ამ ცხოვრებაში. გლეხები მოსავალს ტალახიდან იღებენ, ასუფთავებენ, ფცქვნიან, ვინაიდან იციან, გულის გულში სიკეთეა. წუთისოფლის ყველაზე ღრმა ფენებს შორისაა დამალული ჭეშმარიტება, არადა, როდესაც ჩვენ ღმერთს ვეძებთ, ცაში ვიყურებით. ცაში რა გინდა? ცაში გალაქტიკებია, სხვა არავინ და არაფერი. თუ გინდა, რომ სამოთხის მდგომარეობამდე მიხვიდე ზრდითა და გამოცდილებით, რომ შენს ბუნებად იქცეს უქმობა და ნეტარება (გარედან მოცემულს დაკარგავ), მაშინ უნდა გაიარო მცდელობების გზა. ყველაფერს უნდა შეეხო, ბოლომდე უნდა ჩახვიდე, ბოლოს კი, გაიფცქვნება ქერქი და გულიც მშვიდდება. იესო ამბობს: ეძიებდე და ჰპოვებდეო და უფრო საოცარი სიტყვები წერია „ბიბლიაში“, თუ მთელი გულით, მთელი სულით ეძებთ, ის გაპოვნინებს თავსო. არ წერია, რომ მათ მოძებნეს, უფალმა აპოვნინა თავი. ღმერთს შენ ვერ მოძებნი, მაგრამ უფალი რომ ხედავს, როგორი გულით ეძებ, მოგაძებნინებს თავს, როდესაც ამ ძებნაში ისე დაიღლები, როგორც იესო: ღმერთო, რატომ მიმატოვე?! ჩვენი ყველაზე დიდი ნატვრის საგანი ჩაძირულია წუთისოფლის ოკეანეში. განწირულები ვართ, შანსი არ გვაქვს, მივწვდეთ მას და ბოლოს მივხვდებით, რომ უნდა გავჩერდეთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ადამიანს ისე სწყურია, რომ მცდელობებს არ ეშვება და აი, სწორედ მაშინ ერევა განგება სასწაულებრივად მის ცხოვრებაში. შენ კი არ იპოვი, მცდელობა რომ ამოგეწურება, თავისუფლდები და აი, იქ და იმ დროს ხვდება ადამიანი ღმერთს.
ასევე ნახეთ:
„დაე, ნამდვილმა სიყვარულმა გაიმარჯვოს, ყოველთვის...“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე
„თავი აარიდეთ ბევრი ხალხის თავშეყრის ადგილებს“ - ვის აფრთხილებს ცაგარელი