პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე პირველი პრეზიდენტის ვაჟის საკუთარ სახლში გადაყვანა - როგორც ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური „კურიერს“ უყვება, ამის მიზეზი მანანა არჩვაძე გამსახურდიაა, რომელიც კოლხურ კოშკში შვილის დაბრუნების წინააღმდეგია. გერმანიის და თურქეთის კლინიკებში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ცოტნე გამსახურდია ამ დრომდე წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრშია და ექიმების რეკომენდაციის მიუხედავად, საგვარეული სახლში ვერ ბრუნდება.
გერმანელი პროფესორი ქრისტოფ კელინგჰაუზი სარეკომენდაციო წერილში წერს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში ცოტნე გამსახურდიას ყოფნა 50%-ით აფერხებს მისი გამოჯანმრთელების პროცესს და საჭიროა პაციენტის სასწრაფოდ გადაყვანა მშობლიურ გარემოში. უცხოელი ექიმების მოთხოვნის მიუხედავად მანანა არჩვაძე გამსახურდიამ საკუთარი შვილისთვის კოლხური კოშკის კარი ჩაკეტა. ანა ჯაბაური მეზობლებზე დაყრდნობით ჰყვება იმასაც, რომ პირველი პრეზიდენტის მეუღლემ ისტორიულ სახლში ცოტნე გამსახურდიას მიერ გაშენებული ვაზი აჩეხა და გადაწვა.
ახლა კოლხურ კოშკზე ყველა სამართლებრივი უფლება გიორგი გამსახურდიას ეკუთვნის, რომელმაც დედას სასამართლოში უჩივლა. გიორგი გამსახურდია მის უფროს ძმასთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად ცოტნეს კოლხურ კოშკში გადაყვანას მოითხოვს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებით და ზვიად გამსახურდიას ანდერძის შესაბამისად, მანანა არჩვაძეს ამ ქონებაზე ყველა უფლება ჩამორთმეული აქვს.
კოლხური კოშკის კარი დღეს დაკეტილი დახვდა „კურიერის“ გადამღებ ჯგუფსაც. მეზობლები ჰყვებიან, რომ აქ მანანა არჩვაძე გამსახურდია იშვიათად ჩნდება.
თავად მანანა არჩვაძე გამსახურდია შვილებთან სამართლებრივ დავაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეო მიმართვას. პირველი პრეზიდენტის მეუღლე რძალს მისი ქონების დაპატრონების მცდელობაში ადანაშაულებს, მიუხედავად იმისა, რომ ანა ჯაბაური აღნიშნულ მემკვიდრეობაზე პრეტენზიას თავადაც არ აცხადებს.
ზვიად გამსახურდიას მემკვიდრეობაზე დავა ახლა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. მანანა არჩვაძე კოლხურ კოშკთან დაკავშირებით მოსამართლის გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციაში ასაჩივრებს, მანამდე კი მომხრეებთან ერთად წეროვანის სამედიცინო ცენტრის მიმდებარედ აქციებს პერმანენტულად მართავს. ის ცოტნე გამსახურდიაზე მეურვეობას და მისი ქონების განკარგვის უფლებას ითხოვს.