რატომ არ უნდა ვჭამოთ საჭმელი საღამოს 6 საათის შემდეგ

food

82 წლის შოთა ქველაძე სოციალურ ქსელის მეშვეობით მეყველე ანამ გაგვაცნო. ბატონი შოთა ქვიშხეთში ცხოვრობს და როგორც ანა გვაცნობს, სახურავების მღებავია. 

"სხეულის ყველა უჯრედი ამომიტრიალა მეგობარ ბაქტერიებზე, დისბაქტერიოზზე პოეზიასავით წამღერებით მესაუბრა. კალიუმის და ნატრიუმის მარაგებით და გავლენით სიცოცხლეზე. სულ გუგლით ვსერჩე მისი ტერმინები. საცოდაობაა მისი არ მოსმენა. ამ ასაკში თავისუფლად დადის სახურავებზე და ღებავს. მოთხოვნადი მღებავია" - წერს ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ფეისბუქზე და ბატონი შოთას პატარა "ლექციას" აქვეყნებს.

შოთა ქველაძე: - ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ხელი შევუწყოთ უჯრედების ცვლას. კალიუმის და ნატრიუმის პროპორცია დაცული უნდა იყოს. 2 ერთეული კალიუმი, 6 ერთეული ნატრიუმის იონები უნდა ფუნქციონირებდეს. ჩვენ ამ ორ ნვთიერებას საკვები პროდუქტებიდან ვიღებთ. დღესდღეობით ჩვენ უფრო მეტად კალიუმიანი პროდუქტებით ვიკვებებით, ვიდრე ნატრიუმით გაჯერებულით. უჯრედებს ცვლა უჭირს და ადამიანი ავადმყოფობს. ამიტომ უფრო ნატრიუმიანი პროდუქტები უნდა მივიღოთ, ვიდრე კალიუმიანი.

ყველა ცოცხალ პროდუქტს აქვს ნატრიუმი, ყველა ხილ-ბოსტნეულს. ნატრიუმის შევსება სუფრის მარილითაც ხდება. გადაჭარბებით მიღებული ყველაფერი მავნებელია.

ადამიანის ფიზიოლოგიური დრო 24 საათია. ამ დროში უნდა მიიღოს საკვები, გადაამუშაოს, მოინელოს და ორგანიზმი დაასვენოს.

რუსმა მოაზროვნემ და მღვდელმოწამემ, სერაფიმე ჩიჩაგოვმა შექმნა თეორია, რომლის თანახმად ადამიანს შეუძლია კვება დაიწყოს დილის 6 საათიდან და საღამოს 6 საათზე დაასრულოს. მერე საკვები აღარ უნდა მიიღოს, რომ კუჭის შიგთავსი გაიცალოს და კუჭის შინაგანმა ლორწოვანმა გარსმა განახლება განიცადოს. ეს არის აუცილებელი. ლორწოვანი გარსი 12 საათიანია, დილის ექვსი საათიდან საღამოს ექვს საათამდეა განახლებული. საღამოს კი ტიტას ყვავილივით იხურება. კუჭის დახურულ ლორწოვანს საკვები აღარ უნდა მიეწოდოს. 

ადამიანი სულიერი არსებაა. სულიერი წონასწორობის დაცვა და განწყობის შენარჩუნება კი აუცილებელი და ძალზე მნიშვნელოვანია. რკინას რომ ჟანგი ჭამს, ადამიანს დარდი, ფიქრი და სტრესი ანადგურებს. თუ სულიერად მშვიდად და გაწონასწორებულად ვიქნებით, ჯანმრთელობაც გვექნება.