ქართველ პიანისტს, რომელმაც გერმანელებს ნიგვზიანი ბადრიჯანი შეაყვარა, გადაცემას უძღვნიან

გერმანიაში, კერძოდ კი ქალაქ ბრემენში მცხოვრებ ქართველ პიანისტზე, ნინა ორჯანელზე "პრაიმტაიმის" მკითხველს სტატია წაკითხული აქვს. 

 მას იქ ორი კუთხით იცნობენ, როგორც წარმატებულ პიანისტს და ამავდროულად, გერმანიაში ქართული სამზარეულოს ერთგვარ პრომოუტერს. თავისი კვებისა და ივენთკომპანია MAEMANI-თ გერმანელებს ქართული სამზარეულოს მარგალიტებს აყვარებს.

"ყველა ლუკმა არომატის აფეთქებაა! გემოს – ნივრის, ქინძის, წიწაკის და ბევრი ცოცხალი მწვანილის ნაზავი ქმნის, ისევე როგორც, სვანური მარილი და ნიგოზი" - აღფრთოვანებით წერენ გურმანი გერმანელები პრესაში.

სვანური ფესვების ნინა, სვანურ მარილს, გერმანიაში, თავგამოდებით უწევს პოპულარიზაციას. ნიგვზიანი ბადრიჯანი კი ისე შეაყვარა ბრემენელებს, რომ პიანისტის მიერ მომზადებული კერძითა და ზოგადად, მისი პერსონით, გასულ კვირას, ადგილობრივი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიობრემენის  სატელევიზიო პროგრამა buten un binnen-ი დაინტერესდა.

"ბრემენის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული და მშობლიური სამზარეულოს დიდი ქომაგი. ის ქართულ ანბანს საყელოთიც კი ატარებს" - ასე წარადგინა გერმანულმა ტელეარხმა ქართველი პიანისტი მაყურებლის წინაშე.