რამდენია ჯარში სამსახურის ფულადი ანაზღაურება და როგორ შეგიძლიათ გადავადება - იურისტის განმარტება

ქართული ჯარი

იურისტმა და სამართლის ასოცირებულმა პროფესორმა, თამარ კერძაიამ, გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ის ძირითადი სიახლეები განიხილა, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ.

მისი განმარტებით, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს ეხება. 18 წლის შესრულებისთანავე პირი სამხედრო ვალდებული ხდება და, თუ გადავადების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ აქვს, ვალდებულია აღნიშნული სამსახური 27 წლამდე გაიაროს.

კერძაიას თქმით, გაწვევის სისტემა შეიცვალა და დღეს შერჩევა შემთხვევითობის პრინციპით ხდება. ერთიანი ბაზიდან, ე.წ. „ლოტოტრონის“ მეთოდით, ავტომატურად ირჩევიან ის მოქალაქეები, რომლებიც სამხედრო სამსახურში უნდა გამოიძახონ.

 

დღეს მოქმედი წესით, სამხედრო სამსახურის სამი ვადაა განსაზღვრული – 6, 8 და 11 თვე. ანაზღაურება ამ ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული და თვეში დაახლოებით 800-დან 1700 ლარამდე მერყეობს. ამასთან, თუ მოქალაქე ნებაყოფლობით დარეგისტრირდება, მას 30%-ით მეტი ანაზღაურება ეკუთვნის და ასევე შეუძლია თავად აირჩიოს სამსახურის ხანგრძლივობა და ადგილი.

იურისტის თქმით, ყველა წვევამდელი სარგებლობს ჯანმრთელობის დაზღვევით, ხოლო დასაქმებულ პირებს სამუშაო ადგილი უნარჩუნდებათ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. საჯარო სამსახურში დასაქმებულებს, საჭიროების შემთხვევაში, ხელფასის სხვაობაც უნაზღაურდებათ.

განსაკუთრებული პირობები მოქმედებს სტუდენტებისთვისაც. მათ სწავლების პერიოდში სამხედრო სამსახური გადავადებული აქვთ, თუმცა სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ ნებაყოფლობით მსახურება. ასეთ შემთხვევაში, სტატუსი უნარჩუნდებათ და სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ დარჩენილი სწავლის საფასურს სრულად უფინანსებს თავდაცვის სამინისტრო.

თამარ კერძაიამ ასევე აღნიშნა, რომ გადავადების საფუძვლად შეიძლება ჩაითვალოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური გარემოებები (მაგალითად, მცირეწლოვანი შვილი ან შშმ პირის მოვლა), ან სპეციალური პროფესიული საქმიანობა, როგორიცაა სოფლად ექიმობა ან პედაგოგობა.

ამასთან, იურისტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კანონდარღვევებზე. მისი თქმით, სამხედრო სამსახურის გადავადების მიზნით სამედიცინო ცნობის გაყალბება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და შესაძლოა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასრულდეს.

მისივე შეფასებით, ახალი სისტემა უფრო მოქნილი და მოტივირებულია, რაც უკვე აისახა სტატისტიკაზეც – ბოლო მონაცემებით, წვევამდელთა თითქმის ნახევარი სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით მიდის.