„...რამდენი რამე მეტკინა ამას ცალკე, ჩუმად მოგიყვები“- დღეს ზუზუ ბეჟაშვილის დაბადების დღეა

ზუზუ ბეჟაშვილი

ზაზა(ზუზუ) ბეჟაშვილი (1976 - 2018 წ.) 1 ივნისს 46 წლის გახდებოდა. მსახიობი, 1976 წლის 1 ივნისს თბილისში დაიბადა.

„...რამდენი რამე მეტკინა ამას ცალკე ჩუმად მოგიყვები, ისე ვიცი, რასაც მიპასუხებ და უკვე მეცინება. შენ ხომ იცი შენში „ზუზუ კი არ მიყვარდა”, ზაზა მიყვარდა - ერთი უბრალო, კეთილი, უბოროტო, უანგარო, უწესიერესი და უგადარეულესი ზაზა მიყვარდა და მერე მიყვარდა ზუზუ, როგორ შეიძლება არ მყვარებოდი!

შენ იყავი, ძალიან უბრალო და ამავე დროს, ვარსკვლავი უნიჭიერესი, უგზო-უკვლოდ შეყვარებული შენ საქმეზე... არასდროს იქნები წარსული, შენ სულ იქნები. ჩემო ტკბილო”, – დაწერა, რამდენიმე წლის წინ, ზუზუს მეუღლემ, თამარ ორაგველიძემ.

ზუზუ რამდენიმე მხატვრულ ფილმშია გადაღებული. მსახიობმა, 2012 წლის, კვიპროსის მეექვსე საერთაშორისო კინოფესტივალზე, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ფესტივალის მთავარი პრიზი დაიმსახურა.

ფესტივალზე, სულ წარმოდგენილი იყო 160 ფილმი - ფესტივალის მთავარი პრიზი, ოქროს აფროდიტე ქართველ მსახიობს, ზაზა ბეჟაშვილს გადაეცა, აზერბაიჯანელი რეჟისორის, ილგარ საფატის მისტიკური დრამიდან - „განყოფილება“, სადაც მთავარი როლის შემსრულებელია. პრიზი, მსახიობისთვის უდიდესი წარმატება იყო.

 ზუზუ მთავარი როლის შემსრულებელია მხატვრულ ფილმში - ფარაჯანოვი, რომელიც 2013 წელს უკრაინის, საქართველოს, სომხეთის და საფრანგეთის კინემატოგრაფისტთა ერთობლივი  ნამუშევარია

პირველი მნიშვნელოვანი როლი მიიღო 2009 წელს, რეჟისორ გიორგი აგლაძის ფილმში - „გოგონა სლაიდიდან“(2009 წ.).

ბავშვობიდან სურდა მომღერალი გამოსულიყო, საესტრადო სასწავლებელშიც სწავლობდა, თუმცა მოგვიანებით სამსახიობოზე ჩააბარა.

ზუზუ ბეჟაშვილი 2012–2013 წლებში თამაშობდა პოპულარულ ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, კატო კირვალიძის (ნინო გაჩეჩილაძე) პირველი ქმრის როლს ასრულებდა.

როლმა მსახიობს პოპულარობა და ქართველი მაყურებლების სიყვარული მოუტანა.

2016 წელს ითამაშა ეპიზოდური როლი რეზო ესაძის ფილმში — „თვე, როგორც ერთი დღე“.

ზუზუ ბეჟაშვილი პირველად ოფიციალურად დაქორწინდა 2018 წელს, მისი რჩეული თამარ ორაგველიძე იყო, რომელიც ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო.

მსახიობმა უკანასკნელად ითამაშა, ერეკლე ბადურაშვილის თურქულ-ქართულ ფილმში „ხიდი“, სადაც მას პარტნიორობას მსახიობები მურატ ილდირიმი, ნინი ბადურაშვილი, ზურა ყიფშიძე, ზურაბ ცინცქილაძე, ქრისტინე იმედაძე, გიორგი გურგულია და დათო დვალიშვილი უწევენ.

ფილმი ორ სხვადასხვა ქვეყანაში დაბადებულ ძმაზე და საბჭოთა ტერორზე გვიამბობს, ბეჟაშვილმა სურათში „კაკებეშნიკის“ როლი შეასრულა,

შეგახსენებთ, რომ ზუზუ ბეჟაშვილი 2018 წლის 16 აგვისტოს, 42 წლის ასაკში, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ლიფტში, გარდაცვლილი იპოვეს.

21 აგვისტოს მსახიობი მუხათგვერდის სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალეს. 

გთავაზობთ, ზუზუ ბეჟაშვილის მიერ შესრულებულ სიმღერას ქართული მხატვრული ფილმიდან „მხიარული რომანი" - „შენზე ფიქრებს“ (მუსიკის ავტ. გ. ცაბაძე).