რამდენი ლარის გადახდა მოგიწევთ მართვის მოწმობის ასაღებად

მართვის მოწმობა

"მართვის მოწმობის ასაღები თითო გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარების საფასური 90 ლარი იქნება", – ამის შესახებ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ იმედა მაკასარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უცვლელი რჩება თეორიის გამოცდის ჩაბარების ღირებულება და ის კვლავ 40 ლარი იქნება.

„დახურული მოედნისთვის და თეორიული გამოცდისთვის საფასური არ იცვლება. კანდიდატი თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ შეძლებს ხუთ უფასო გასვლას დახურულ მოედანზე და ამ კუთხით შეზღუდვა არ ექნება იმ საფასურში, რასაც დღეს იხდის. ხოლო ქალაქის პირობებში, საფასური იცვლება და როგორც კანონში არის მითითებული, B და BE კატეგორიისთვის საფასური შეადგენს 90 ლარს ერთჯერადად გასვლაზე“, – განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ იმედა მაკასარაშვილმა.

ცნობისთვის, კანონპროექტი მესამე მოსმენით უკვე მიღებულია. ახლად დამტკიცებული რეგულაციებით კი, მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ მოძრაობაში B და BE კატეგორიებისთვის 2022 წლის 25 აპრილიდან იქნება სავალდებულო.

 

ასევე ნახეთ - პირველი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად იქმნება 2 ახალი უწყება