​რა ნიშნებით შეიძლება, ალცჰაიმერის დაავადება ადრეულ ეტაპზე ამოვიცნოთ - სპეციალისტი საუბრობს

 ნონა მინდიაშვილი

ნევროლოგი ნონა მინდიაშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" ალცჰაიმერის დაავადების რისკების განვითარებასა და ადრეულ ეტაპზე საყურადღებო ნიშნების აღმოჩენის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო კითხვაა, რომელიც ყველას გვაწუხებს. დღეს მედიცინა იმ აზრზე ჩამოყალიბდა, რომ ამ პრობლემის ეფექტური მართვა ჯერჯერობით მხოლოდ ადრეულ ეტაპზე - კოგნიტური დისფუნქციის დასაწყისშია შესაძლებელი. ​ყველა ის ინოვაციური პრეპარატი, რომელიც შეიქმნა და მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყნებში გამოიყენება, სწორედ ამ საწყის ეტაპზე მოქმედებს. როდესაც ეს მედიკამენტები საქართველოშიც გახდება ხელმისაწვდომი, ისინიც სწორედ ამ ეტაპზე გამოიყენება. ​უმთავრესი ამოცანა კოგნიტური დისფუნქციის საწყისი პერიოდის მაქსიმალური გახანგრძლივებაა, რათა დრო მოვიგოთ. ამ ეტაპის გახანგრძლივებით პაციენტს, ოჯახსა და საზოგადოებას სერიოზულ პრობლემებს აარიდებთ. სადიაგნოსტიკო ტესტებიც სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული. სერიოზული პლატფორმა უკვე მომზადებულია და მალე საქართველოშიც დაინერგება ტესტი, რომელიც სისხლის ანალიზით კოგნიტური დისფუნქციის ეტაპსა და მისი პროგრესირების ხარისხს განსაზღვრავს. ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. ​რაც შეეხება მკურნალობას, აქ ორი მიმართულება არსებობს: პირველი - მონოკლონურ ანტისხეულებზე დაფუძნებული თანამედროვე თერაპიაა, რომელიც მსოფლიოში უკვე გამოიყენება და გარკვეული გამოცდილებაც დაგროვდა; მეორე - ტრადიციული პრეპარატებია, რომლებიც საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ადრეული დემენციის ან კოგნიტური დისფუნქციის ფაზაში მყოფ პაციენტებში ეს მედიკამენტები მეხსიერებას აუმჯობესებს და დაავადების სრულ გამოვლინებამდე დროს ახანგრძლივებს.

რამდენიმე ხნის წინ კონსულტაციაზე მამაკაცი მოვიდა მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად. ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ პრობლემა სულ რაღაც ექვსი თვის წინ დაიწყო. სამედიცინო გამოცდილებითა და დაკვირვებით, პაციენტის ოთახში შემოსვლისთანავე უკვე განსაზღვრული წარმოდგენა გექმნება. ​როგორც გაირკვა, ამ მამაკაცმა სამი წლის წინ სამსახური დატოვა. მეზობლის თქმით, იგი დაითხოვეს, თუმცა მეუღლეს უთხრა, რომ თავისი ნებით წამოვიდა. მას საკმაოდ პასუხსასაგები პოზიცია ეჭირა, თუმცა წამოსვლის რეალური მიზეზით ოჯახში არავინ დაინტერესებულა. სინამდვილეში, პროფესიულ საქმიანობაში დაშვებული შეცდომის გამო იგი სამსახურიდან უხმაუროდ დაითხოვეს. სწორედ ასეთი ყურადღებაა ყველაზე მეტად საჭირო.

უნდა დააკვირდეთ, ახმარს თუ არა ადამიანი იმავე დროს იმ საქმიანობას, რასაც ადრე მარტივად აკეთებდა. ეს ეხება სადილის მომზადებას, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთებას თუ ელემენტარულად ჩაცმას. მნიშვნელოვანია დაკვირვება, თუ რამდენ დროს უთმობს იგი ჩაცმას, რამდენჯერ ბრუნდება ოთახში ნივთების გამოსატანად და ასე შემდეგ. როდესაც ჩვეული მოქმედებები იმაზე მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე ადრე, ეს უკვე ყურადსაღები ნიშანია.

​შემდეგი ნიშანია დაწყებული წინადადების დასრულება. როდესაც ადამიანს სასურველი სიტყვის მოძებნა უჭირს, იგი მას რამდენიმე სიტყვის კომბინაციით ან რთული წინადადებით ჩაანაცვლებს, რათა სათქმელი მაინც გადმოსცეს. როდესაც აზრის მკაფიოდ და მოკლედ გამოხატვას მეტი დრო სჭირდება, ესეც საყურადღებოა. ​

ასევე, ყურადსაღებია, როდესაც ადამიანი სტუმართან საუბარში არ ერევა. ეს იმას ნიშნავს, რომ მან ან ბოლომდე ვერ იცნო სტუმარი, ან განსახილველი თემა მისთვის უკვე რთულია და თავის არიდებას ცდილობს. ​ასეთი მცირე დაკვირვებებიდან გროვდება ის ინფორმაცია, რომელიც შემდგომში გადამწყვეტი ხდება.

არც ერთი უცნაურობა გულგრილად არ უნდა დავტოვოთ - ყველაფერი სპეციალისტის მიერ უნდა შეფასდეს. ოჯახის წევრების ასეთი დაკვირვებულობა პაციენტისთვის ფასდაუდებელია, რადგან დაავადების შორსწასულ სტადიაზე პროცესის მართვა ბევრად რთულია და რესურსებიც შეზღუდულია.

თუმცა, იმასაც აღვნიშნავ, რომ ის პაციენტები, რომლებსაც შვილები გულმოდგინედ უვლიან, მდგომარეობას ყველაზე ხანგრძლივად ინარჩუნებენ. სათანადო მოვლა, მედიკამენტების რეგულარული მიღება და ქრონიკული პათოლოგიების მკურნალობა ზოგადი ჯანმრთელობის სტატუსის შენარჩუნებისთვის ნებისმიერ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია",- ამბობს ნონა მინდიაშვილი.

 

✕