ქალაქ მცხეთის შესასვლელში, მდინარე მტკვარზე, ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდება

მცხეთის ხიდი

ქალაქ მცხეთაში, მდინარე მტკვარზე არსებული ხიდის გვერდით ახალი ხიდი შენდება. მშენებლობის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე, მდინარე მტკვარზე ამჟამად არსებული ხიდი 1926 წელსაა აშენებული. ძველი ხიდის ტექნიკური მდგომარეობა ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე დატვირთვებს.

ახალი ხიდი სრულად შეესაბამება მცხეთის — ქალაქ-მუზეუმის — არქიტექტურულ, ესთეტიკურ და ისტორიულ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს თავისუფალ სატრანსპორტო მოძრაობას. ხიდის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება,

პროექტის ღირებულება დაახლოებით 6.6 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოები წელს დასრულდება.

მცხეთის ხიდი თბილისის მხრიდან ქალაქთან დაკავშირების ერთადერთი საშუალებაა. გარდა ამისა, მისი მეშვეობით ქალაქი მცხეთა რკინიგზის სადგურს და ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზას უკავშირდება. ნაგებობა მცხეთის ძველ, ისტორიულ უბანშია (ე.წ. პომპეუსის ხიდის მიმდებარედ). სწორედ იქ,სადაც მტკვარი ზაჰესის წყალსაცავს უერთდება.